წითელი და ხორცისფერი გვირილას წარმოება, გამოყენება, მარკეტინგი
ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება

გადასვლა სათაო გვერდზე 

 
 

წითელი და ხორცისფერი გვირილები

 

წითელი გვირილა -  Pyrethrum roseum M.B.

ხორცისფერი გვირილა - P. carneum M.B.

 

I ზოგადი ნაწილი

1.1.      ზოგადი აღწერა

 

წითელი გვირილა რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროს სიმაღლე 30-50 სმ-ია, აქვს მხოხავი ფესურებით დატოტიანებული ფესვები. ფოთლის ფორმა სწორხაზოვანია, ორად ფრთაგანკვეთილი. ფოთლის ნაპირები დანაკვთულია. ღეროს ქვედა ნაწილის ფოთლები ყუნწიანია. ზედა ნაწილში ფოთლები იშვიათი და უყუნწოა. ყვავილები წითელი ფერისაა და კალათა ყვავილედშია შეკრებილი. კალათის სიგანე 15 მმ-მდეა. განაპირა ენისებური ყვავილები ერთსქესიანია. ყვავილედის შუა ნაწილში განლაგებული ყვავილები ორსქესიანია. ნაყოფი თესლაკია, სიგრძით 5 მილიმეტრამდე.

ხორცისფერი გვირილას საყვავილე ღეროები 1 მ-მდეა, თითოეულ ღეროზე ჩვეულებრივ 2-3 ყვავილედია. ღეროები უხვადაა შეფოთლილი. ფოთლის ზომა მცირდება ღეროს ფუძიდან წვეროს მიმართულებით. ფოთლის სეგმენტები მოგრძო ლანცეტისებურია. ყვავილედი უფრო მსხვილია.

 

1.2.      გავრცელება

 

წითელი და ხორცისფერი გვირილა გვხვდება ზღვის დონიდან 800-3000 მ სიმაღლემდე; უპირატესად მთის სამხრეთ კალთებზე და თიხა-კირიან ნიადაგებზე. საქართველოში იგი თითქმის ყველგანაა გავრცელებული ქართლში, კახეთში, თრიალეთში, ჯავახეთში, თუშეთ-ფშავ-ხევსურეთში, სამეგრელოში, აჭარა-გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, სვანეთში.

პროფ. ზ. შენგელიას წითელი გვირილის კულტივირების ფაქტები დაფიქსირებული აქვს რაჭაში.

 

1.3.      ნედლეული და ქიმიური შემადგენლობა

 

ნედლეულს წარმოადგენს მხოლოდ ყვავილები. მშრალი ყვავილების ტენიანობა 12-13%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

ყვავილედი შეიცავს რთულ ეთერებს: პირეთრინ I და პირეთრინ II. უფრო მკეთრად გამოხატული ინსექტიციდური მოქმედება გააჩნია პირეთრინ I-ს. მოქმედი ნივთიერებების შემცველობა ვეგეტაციის სხვადასხვა ფაზაში განსხვავებულია.

 

 

 

თავი II კულტივირება

2.1. ნიადაგის შერჩევა და დამუშავება

 

ეს მცენარეები განვითარებისათვის ზომიერ ნესტს საჭიროებენ. ისინი კარგად იტანენ მაღალ და დაბალ ტემპერატურებს, აგრეთვე ტემპერატურათა მკვეთრ სხვაობას. იზრდებიან ნებისმიერი ექსპოზიციის ნაკვეთებზე. ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არიან. პლანტაციისათვის შერჩეული ნაკვეთისათვის აქვთ ორი ძირითადი მოთხოვნა.

_ ნაკვეთი არ უნდა იტბორებოდეს და

_ დაცული უნდა იყოს ქარებისაგან.

თესლბრუნვაში საუკეთესო წინამორბედად ითვლება ხორბალი. ზაფხულში, წინამორბედის აღების შემდგომ, ნიადაგს ასუფთავებენ, შემოდგომაზე კი – ნიადაგს ამუშავებენ. ეს მცენარეები ნიადაგის მიმართ მკაცრ მოთხოვნებს არ აყენებენ, მაგრამ ნიადაგში ორგანული და მინერალური სასუქების შეტანა ზრდის მოსავლის რაოდენობას. სასურველია ნიადაგის განოყიერება მოხვნის დროს. ნორმალურად ითვლება 1 ჰექტარზე 20 ტ ნაკელისა და 1,65 ტ სრული შემადგენლობის მინერალური სასუქის შეტანა.

ნიადაგის საკვები ნივთიერებებით განოყიერებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია ნიადაგის ტუტიანობის დონის ამაღლება. ეს ხელს უწყობს არა მარტო მოსავლიანობის, არამედ ნედლეულში პირეთრინის შემცველობის ზრდასაც. ტუტიანობის ასამაღლებლად ნიადაგში შეაქვთ კირი, ნაცარი ან ცარცი.

ნიადაგის მექანიკური შედგენილობის შესაბამისად მასში შეტანილი კირის ნორმა სხვადასხვაა (იხ. ცხრილი)

 

ნიადაგის მექანიკური შემადგენლობა

შესატანი კირის რაოდენობა 1 ჰა-ზე

მსუბუქი

2-3

საშუალო

4-5

მძიმე

6-7

 

2.2. გამრავლება

 

წითელ და ხორცისფერ გვირილებს ძირითადად ღია გრუნტში თესვით ამრავლებენ. თესავენ ბუდობრივად ან რიგში (მწკრივში), გაზაფხულზე ან ზამთრის პირზე.

უპირატესობა ენიჭება საგაზაფხულო რიგობრივ დათესვას. დათესვის წინ თესლი უნდა დამუშავდეს. თესლების წინასწარი დამუშავების შემდეგ იზრდება აღმოცენების უნარი და ჩქარდება აღმოცენება. დათესვამდე 7-8 დღით ადრე თესლები 5-6 საათით უნდა მოთავსდეს ოთახის ტემპერატურის წყალში. გაჯირჯვებული თესლები ნოტიო ტომრის ქსოვილზე 5-6 სანტიმეტრიან ფენად უნდა გაიშალოს და ზევიდანაც ტომრის ნოტიო ნაჭერი დაეფაროს. ტომრის საფენებში თესლი 5-6 დღეს ინახება 15-200Cტემპერატურაზე. აღწერილი პროცედურის შემდეგ თესლს თეთრ წერტილებად დააჩნდება ჩანასახი. დათესვამდე 1 დღით ადრე თესლები ტომრის საფენებიდან უნდა ამოვიღოთ, თხელ ფენად გავუშალოთ და გავაშროთ. გამშრალი თესლების ტენიანობა 18-20%-ს არ უნდა აღემატებოდეს. დამუშავებული თესლები დასათესად ვარგისია 15-20 დღის განმავლობაში.

ნიადაგის სტრუქტურის მიხედვით თესლს 1,5-3 სმ-ის სიღრმეზე თესავენ. 1 ჰა-ზე დასათესად საჭიროა 4 კგ თესლი. თესავენ რიგებში. რიგებს შორის ინტერვალი 50-60 სმ-ია. ნათესებს 0,5 სმ სისქეზე აყრიან ფხვიერ ნეშომპალას ან მიწანარევ ტორფს.

საზამთრო დათესვა რეკომენდირებულია მსუბუქი და საშუალო მექანიკური შედგენილობის ნიადაგებში, რომლებიც სარეველებისაგან სუფთაა, არ არის ნიადაგის გაქერქიანების და დატბორვის საშიშროება.

პლანტაცია დაცული უნდა იყოს ძლიერი ქარებისაგან.  საზამთრო დათესვისას თესლის წინასწარი დამუშავება საჭირო არაა. თესავენ რიგებში, დათესვამდე ნიადაგს მოხნავენ და დაფარცხავენ. უშუალოდ დათესვის წინ ატარებენ კულტივაციას და ფარცხავენ გრძივად. თესლი უნდა დაითესოს სიცივეების დაწყების შემდეგ, რათა ზამთრის პირზე არ გაღივდეს და არ დაიღუპოს. რიგთაშორის მანძილს 50-60 სმ-ს იღებენ. 1 ჰექტარის დასათესად საჭიროა 6 კგ თესლი. დათესვა ხდება ზედაპირულად, ჩამაგრების გარეშე. გირჩევთ ახალ ნათესს 0,5-1 სმ-ის სისქეზე გაფხვიერებული ნეშომპალა ან ტორფი მოაყაროთ. იგი ნიადაგს გამოშრობისა და ქერქის წარმოქნისაგან დაიცავს. ნათესების პირველ დამუშავებას მნიშვნელოვნად აადვილებს შუქურა მცენარე.

საზამთრო თესვის დროს უფრო მეტი სათესლე მასალა იხარჯება, მაგრამ აღმონაცენის გამოჩენა 5-10 დღით წინ უსწრებს საგაზაფხულო ნათესისას, აღმოცენების უნარიც 2-3-ჯერ უფრო მაღალია; საზამთრო ნათესის მნიშვნელოვანი თავისებურება (უპირატესობის ნიშნით) არის, რომ ზოგიერთი ძირი აღმოცენების წელსვე იძლევა ნაყოფს და ამით პლანტაციის ჯამური (არსებობის მანძილზე) მიღებული მოსავლიანობა შესაბამისად უფრო მაღალია.

ბუდობრივად დათესვის განზრახვისას ნაკვეთში წინასწარ გადაითვლიან გრძივად და განივად 60-სმ-იან ინტერვალებს. მათი გადაკვეთის ადგილებში მოამზადებენ 2-3 სმ სიღრმის ბუდეებს და თითოეულში ჩათესავენ 20-25 ცალ თესლს. 1 ჰა-ზე დათესვის ნორმა ამ შემთხევაში ყველაზე ნაკლებია – 2 კგ. ბუდობრივად თესვას სხვა უპირატესობაც გააჩნია; კერძოდ, ბუდობრივი დათესვის შედეგად მიღებული აღმონაცენებისათვის უფრო იოლია ნიადაგის ზედაპირის გარღვევა და გარემოს არახელსაყრელი პირობების წინააღმდეგობის დაძლევა.

ბუდობრივად დათესვის შემთხვევაშიც სასურველია დასათეს თესლებს წინასწარ აერიოს შუქურა მცენარის თესლი, რაც გააიოლებს ნათესების თავდაპირველ მოვლას.

 

2.3. მოვლა

 

კულტურაში შუქურა მცენარის დათესვა ხელს უწყობს ნათესების უკეთეს მოვლას. მისი გამოჩენისთანავე ატარებენ ნიადაგის ზედაპირულ გაფხვიერებას, რათა ნიადაგის ზედაპირი არ გამკვრივდეს. თავდაპირველად აფხვიერებენ რიგთაშორისების შუაში, რიგებიდან ორივე მხარეს 10-20 სმ-ის მოშორებით, რათა არ დაზიანდეს ნორჩი მცენარის ზედაპირული ფესვთა სისტემა; და აღმონაცენს მიწა არ წაეყაროს.

მეორე გაფხვიერებას უფრო ღრმად აწარმოებენ. სარეველების მოშორებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა მცენარე არ დაზიანდეს.

მესამეჯერ ნიადაგის გაფხვიერება უკვე შესაძლებელია 6-8 სმ სიღრმეზე. ამ დროისათვის მცენარეს 2-3 ნამდვილი ფოთოლი აქვს განვითარებული, თუმცა გაფხვიერება ნათესების რიგების სიახლოვეს მხოლოდ ზედაპირულად უნდა ჩატარდეს. მესამეჯერ გაფხვიერებისას ერთდროულად ავსებენ მეჩხერ ადგილებს ისე, რომ თითოეულ ბუდეში 3-4 მცენარე იყოს, ბუდეებს შორის კი 10 სმ-იანი ინტერვალი.

მომდევნო გაფხვიერებას ატარებენ აგვისტოს პირველ ნახევარში. რიგთაშორის შუაში აფხვიერებენ 10 სმ სიღრმეზე, ხოლო რიგების სიახლოვესთან _ კვლავ ზედაპირულად. ამ ეტაპზე ისევე როგორც წინა გაფხვიერებისას, აწარმოებენ გამეჩხერებული ადგილების შევსებას და ბუდეებს ერთმანეთს აშორებენ 20 სმ-იანი მანძილებით.

თუ რაიმე მიზეზების (ამინდის ჭირვეულობის) გამო ამ სამუშაოს შესრულება შეფერხდა, შესაძლოა იგი გადაიდოს მომდევნო წლის გაზაფხულისთვის.

ნათესების ცუდად განვითარების შემთხვევაში რეკომენდირებულია ზაფხულის ბოლოს ნიადაგში დამატებითი საკვების შეტანა შემდეგი ნორმით: 1 ჰა-ზე 15-25 კგ ფოსფოროვანი, 30 კგ კალიუმიანი სასუქი. სასუქები შეიძლება გაფხვიერების დროსაც შევიტანოთ.

 

2.4. ბრძოლა მავნებლების და

დაავადებათა გამომწვევების წინააღმდეგ

 

კულტურის მოვლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ბრძოლა მავნებლებისა და დაავადებათა გამომწვევების წინააღმდეგ.

დალმაციურ გვირილას აზიანებენ ხოჭოების მატლები, რომლებიც საზრდოობენ მცენარის მიწიქვეშა ნაწილით. მათ წინააღმდეგ ბრძოლისას მნიშვნელოვანი ფაქტორია დასათესად ისეთი ნაკვეთის შერჩევა, რომელიც სუფთა იქნება აღნიშნული მავნებელებისაგან, ნიადაგს შენარჩუნებული უნდა ჰქონდეს ფხვიერება, მატლების შემჩნევისთანავე ისინი უნდა ამოიკრიფოს და მოისპოს.

მეტად საზიანოა მცენარისათვის ცხვირგძელები, თრიპსები და სხვა. ისინი აზიანებენ ახალგაზრდა აღმონაცენს. მათ წინააღმდეგ პლანტაციას შემობარავენ დასაჭერი თხრილებით. ხოჭოებს ხელით აგროვებენ და წვავენ. სათანადო წესების დაცვით იყენებენ მომწამვლელ ნივთიერებიან სატყუარებს. ბევრი პლანტატორი აღნიშნავს ფრინველთა პლანტაციაში გაშვების სარგებლიანობას.

მავნებლებით მასიურად დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება მწარე წიწაკა (ჩაპსიცუმ ანნუუმ L.) ამისათვის 1 კგ. დაჭრილ ნაყოფებს წამოადუღებენ 10 ლ წყალში 1 სთ-ით თავდახურულ ემალის ან მინის ჭურჭელში, შემდეგ გააჩერებენ 2 დღე-ღამე, მოსრესენ კარგად, გამოჭყლეტენ და გამოწურავენ. სამუშაო ხსნარის მოსამზადებლად მიღებულ კონცენტრატს განაზავებენ შვიდმაგი რაოდენობა წყლით. საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა, რათა მწარე წიწაკის შეხებისას ადამიანები არ დაზიანდნენ.

სოკოვანი დაავადებებიდან აღსანიშნავია დიპლოდიოზი. ფესვის სიდამპლე და სხვა. დიპლოდიოზის დროს ზიანდება ჯერ ფოთლები და ბუტონები; შემდეგ მთელი მცენარე. ფესვის სიდამპლის დროს კი - უპირატესად, ფესვის ყელი.

დაავადებათა ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად სასურველია დაზიანების ნიშნების შენჩნევისთანავე დაზიანებული მცენარე გავანადგუროთ.

2.5. ნედლეულის შეგროვება

 

წითელი და ხორცისფერი გვირილა პირეთრინებს შეიცავს მხოლოდ ყვავილედში, ამიტომაც მხოლოდ ყვავილედებს აგროვებენ. შეგროვება იოლდება სპეციალური სავარცხელას გამოყენებისას.

ნედლეულს აგროვებენ როცა ყვავილედის მილისებური ყვავილების ნახევარი მაინც ყვავის.

შეგროვებულ ყვავილებს გაშლიან თხელ ფენად და აშრობენ კარგად განიავებად სათავსოში. შრობისას ნედლეული არ უნდა დასველდეს (წვიმით, ცვრით).

შრობა დამთავრებულად ითვლება, როცა ყვავილედი ხელის თითებში მოსრესვისას იფშვნება და ტენიანობა კი 12-13%-ს არ აღემატება. მშრალ ყვავილებს დაუტკეპნავად ყრიან ფუთებში. ფუთებს ინახავენ მჭიდროდ თავდახურულად, ბნელ, გრილ სათავსოში.

 

2.6. თესლის შეგროვება

 

წითელი და ხორცისფერი გვირილების თესლების მისაღებად სასურველია სპეციალური სათესლე ნაკვეთის მოწყობა. სანედლეულო პლანტაციიდან თესლის შეგროვება რეკომენდირებული არაა. სათესლე ნაკვეთში უნდა დაითესოს მცენარეების საუკეთესო ეგზემპლიარებიდან აღებული თესლი.

 

 

 

უკეთესია, თუკი სპეციალური სათესლე მეურნეობებიდან შეძენილ თესლს დათესავთ.

სათესლე  ნაკვეთი მაქსიმალურად უნდა აკმაყოფილებდეს მოთხოვნებს, რომელსაც ეს მცენარეები ეკოგარემოს უყენებენ. ვეგეტაციის პერიოდში პლანტაცია სარეველებისაგან ზედმიწევნით სუფთა და ნიადაგი ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. დაავადების პირველივე გამოვლინებისას, დაავადებული მცენარე უნდა მოითხაროს და დაიწვას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პლანტაციის სახეობრივი სიწმინდის დაცვა. თოვლიანი ზამთრის შემთხვევაში თოვლის მოკავებით, უთოვლოში კი - თივით ყინვისაგან დავიცვათ პლანტაცია.

თესლები ერთ ყვავილედში ერთდროულად არ მწიფდებიან. თესლის შეგროვებას იწყებენ, როცა თესლების უმეტესი ნაწილი მურად შეიფერება და ჩამოცვენას დაიწყებენ. თავდაპირველად აგროვებენ შერჩევით, შემდეგ კი მასობრივად. თესლების ნაწილი მწიფდება ყავილედის შეგროვების შემდეგაც. თესლები რომ არ ჩამოცვივდეს, სასურველია დილით ადრე, ნამიანზე შევაგროვოთ. ყვავილედს ჭრიან ნამგლით, ღეროს ზედა ნაწილში. ყვავილედს აშრობენ ბნელ, მშრალ სათავსოში, სადაც კარგი აერაციაა. შლიან თხელ ფენად და დროდადრო აბრუნებენ. გამშრალ ყვავილედს გამოფშვნიან, ანიავებენ და ახარისხებენ. თესლის ნესტიანობა არ უნდა აღემატებოდეს 12%-ს.

თესლების სისუფთავე განსაზღვრავს მისი კონდიციის ხარისხს და აღმოცენების უნარს (იხ. გრაფიკი).

ცნობისათვის, თესლების სისუფთავე პირდაპირ კავშირშია თესლის აღმოცენების უნართან და განსაზღვრავს მის საკონდიციო ხარისხს, რაც კარგად ჩანს ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულებით.

 

 

III წითელი და ხორცისფერი გვირილების გამოყენება.

 

ქართული ხალხური მედიცინის ისტორიულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ წითელი და ხორცისფერი გვირილების მრავალმხრივ გამოყენებას საქართველოში არც თუ ისე ცოტა ხნის ისტორია აქვს. მათ მოიხსენიებს დავით ბატონიშვილიც `იადიგარ დაუდში~; `გვირილები, ანუ ყუითელისა გვირილისა ხავარნი ქუიან, საკრწყილესა გვირილასა ბაბუნაჯი ქუიან და თეთრსა გვირილასა ბაბათია ქუიან. და ესე სამი გვარი გვირილები სამივე მხურვალი და ხმელია, და ყოვლის გრილის სენისა და ჭირისათვის სამნივ წამალი არის, რომე ან მისი შარბათი ასვას, ან დანაყონ, ტლედ ქნან და სადაც სტკიოდეს ან უსივდეს იქ შემოსდვან, ყოველსა ქარსა დალეწს და გააყენებს და ყოვლისა გრილსა სენსა არგებს და წამალი არის ცივებისა, სიცხისა, გრილის ხაფაყანისა, ასოსა ძულის და სახსრების ტკივილებისათვის, თავისა და წელის ტკივილებისათვის და ყოვლისა ბალღამის წამალია~.

გვირილას ზემოთ აღწერილმა სახეობებმა მათ შორის ყურადღება მიიქციეს მასში შემავალი პირეთრინების ინსექტიციდური მოქმედების გამო. ეს ნივთიერებები ტოქსიკურნი არიან ცივსისხლიანი მავნებლების მიმართ და უვნებელია თბილსისხლიანი ცხოველებისათვის. ამით ისინი, როგორც მცენარეთა დაცვის ბუნებრივი (ნატურალური) საშუალებები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ. მათი გამოყენება, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვით, მცენარეთა დასაცავად ყველას შეუძლია და დიდი წარმატებითაც.

სამკურნალო მცენარეთა პლანტაციებში მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენება არ შეიძლება. ამიტომ დალმაციური და ხორცისფერი გვირილების მცირე ფართზე გაშენება სამკურნალო მცენარეთა მწარმოებელთათვის აუცილებელია.

დასახელებული მცენარეებიდან ქარხნული წესით შეიძლება ინსექტიციდური პრეპარატების წარმოება, რომლებიც გამოიყენებიან მწერების (ტილები, ბაღლინჯოები, კოღოები, ბუზები და ა.შ.) საწინააღმდეგოდ.

 

 

 

 

 

თესლები (თესლურა) მოხაზულობით მოგრძოა, ოდნავ ჩაჭყლეტილი, ოდნავ გაგანიერებული ცენტრში, 4-5 წახნაგოვანი. თესლების წვერი გადაკვეთილია  დაბალი, დაკბილული, ტალღისებური გვირგვინით გარეგანი ნაპირის გასწვრივ. თესლების ფუძე თანაბრად შევიწროებულია და გადაკვეთილია. სათესლე ნაწიბური ფუძის ცენტრშია განლაგებული. თესლების ზედაპირი გრძივად წიბოვანია, გლუვი ან ოდნავ ხორკლიანი. თესლების ზომა 3,0-4,0 მმ სიგრძეში, 1,0-1,3 მმ სიგანესა და სისქეში. აბსოლუტური წონა შეადგენს 1,0-1,2 გრ.

 

თესლები (ვარდისფერი გვირილა) (თესლურა) მოხაზულობით მოგრძოა, ოდნავ ჩაჭყლეტილი, 4-5 წახნაგოვანი, თესლების წვერი ოდნავ გაგანიერებულია, თითქოს წაკვეთილია, დაბალი, ტალღისებური აბრეშუმუსებური ნაპირით (გვირგვინი). თესლების ფუძე თანაბრად შევიწროებულია, აგრეთე წაკვეთილია, სათესლე ნაწიბური ფუძის ცენტრშია მოთავსებული. ნაწიბურის მოხაზულობა მომრგვალებულად - მრავალკუთხედიანია. თესლების ზედაპირი გრძივ-წიბოვანია, გლუვი (წიბოთა რაოდენობა 8-მდეა). თესლების შეფერილობა ჭუჭყიანი წაბლისფერია ღია ყავისფერი. თესლების ზომა 3,0-4,0 მმ სიგრძეში, 1,0-1,5 მმ სიგანესა და სისქეში. აბსოლუტური წონა 0,8-1,3 გრ.

 

 

        

 

სტატიის შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net