Polygonum hydropiper(L). -
წალიკა
Горец перечный
–
რუს.
Water pepper–
ინგ.
Wasserpfeiffer–
გერმ.
Poivre d’eaue,
piment d’eau
–
ფრანგ.
I ზოგადი ნაწილი
1.1 ზოგადი დახასიათება
წალიკა მიეკუთვნება
Polygonaceae
-ს ოჯახს. იგი ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღეროები შიშველია. მისი
სიმაღლე 20-50სმ-ია. იშვითად 70სმ-მდეა. ღერო მოწითალოა, სწორმდგომი,
ფუძესთან ზომიერად დატოტიანებული, ხშირად ოდნავ მუხლისებურად მოხრილი.
ფოთლები მორიგეობითია, მოგრძო-ლანცეტისებური, მახვილი ან ბლაგვი,
ფუძესთან ვიწრონისკარტისებურია. მათი სიგრძე 3-8 სმ-ია, სიგანე
0,5-1,5სმ. მილად შეზრდილი ფოთოლაკები აფრისებურია, მოწითალო,
ცილინდრული, ზედაპირზე შიშველი, კიდეებზე ზოგჯერ მოკლე ბუსუსებიანი.
ნედლ ფოთლებს მშუშხავი გემო აქვთ. ყვავილების სიგრძე 3-4მმ-ია,
მარტივი, მომწვანო-ვარდისფერი ყვავილსაფარითაა; ლუპით დათვალიერებისას
შესამჩნევია მურა წერტილები. ყვავილები შეკრებილია თავთავისებურ
ყვავილედად, რომელთა სიგრძე 4-6 სმ-ია. ნაყოფი კვერცხისებური შავი ან
მუქი-დარიჩინისფერი კაკლუჭაა, რომლის სიგრძეა 2-3მმ-ია.
წალიკა ყვავილობს ივლის-სექტემბერში.
1.2 გავრცელება
წალიკა გავრცელებულია მთელ ევროპაში ზღვის დონიდან 1000მ სიმაღლემდე.
იგი იზრდება წყლიან და ნესტიან ადგილებში.
Poligonum-ის
სხვა სახეობებისაგან განსხვავებით მისი ფოთლები ხასიათდებიან შავი
ლაქებით და მწვავე გემოთი. ასევე დალაქავებულია მისი ყვავილებიც.
საქართველოში წალიკა იზრდება ვაკე ადგილებში, ჭაობებში, მდინარეებისა
და დამდგარი გუბეების ნაპირებზე.
1.3 ქიმიური შედგენილობა
წალიკა შეიცავს 2-2,5% ფლავონოიდებს: რამნაზინს, იზორამნეტინს, რუტინს,
კვერციტრინს, გიპეროზიდს, კვერცეტინს, კემპფეროლს. მასში აღმოჩენილია
მთრთიმლავი ნივთიერებები, ეთერზეთი, ჭიანჭველის, ძმრის, ვალერიანის
მჟავები. ამის გარდა გამოყოფილია გლიკოზიდი პოლიგოპიპერინი, K, A,
C,
D, E ვიტამინები, სიტოსტერინი, მიკროელემენტები (მანგანუმის,
მაგნიუმის, ტიტანის, ვერცხლის მარილები).
II ნედლეულის დამზადება
წალიკას ბალახს ამზადებენ ყვავილობის დროს. აგროვებენ მცენარის
შეფოთლილ ყვავილოვან ნაწილს. მას ჭრიან ნიადაგიდან 4-5სმ სიმაღლეზე.
რეკომენდირებული არ არის ღეროს უხეში ნაწილის მოჭრა.
წალიკას ბარდის თვითგანახლების მიზნით საჭიროა ყოველ 1მ2 ფართზე ერთი
მაინც კარგად განვითარებული ძირის ხელუხლებლად დატოვება.
შეგროვებულ ბალახს ასუფთავებენ მიწისაგან, შემთხვევით მიხვედრილი სხვა
მცენარეებისაგან, გაყვითლებული და დაზიანებული ნაწილებისაგან და
გადააქვთ გასაშრობად.
გასაშრობ ნედლეულს თხლად გაფენენ კარგი ვენტილაციის სათავსოში ან
ჰაერზე, ჩრდილში. უმჯობესია ნედლეულის გაშრობა ხელოვნურ საშრიბებში
40-500C
ტემპერატურაზე. შრობა დამთავრებულია, როცა ნედლეული მოღუნვისას
იმსხვრევა.
წალიკას ნედლეული წარმოადგენს ბალახს, რომლის ღეროს სიგრძე 45სმ-მდეა.
ნედლეულში არ უნდა ერიოს ღეროს უხეში ნაწილები. იგი შეიცავს
განსხვავებულად განვითარებულ ყვავილებსა და ნაყოფებს. ნედლეული უსუნოა,
გემო მშუშხავი; გამოშრობისას ეს გემო ქრება.
ნედლეულის რიცხვითი მახასიათებლები შემდეგია:
|
70% სპირტით გამოწვლილული ექსტრაქტული ნივთიერებები |
ნესტიანობა |
საერთო ნაცარი |
დაწვრილმანებული ნაწილები |
ნორმალურ შეფერილობადაკარგული ბალახი |
ორგანული მინარევები |
მინერალური მინარევები |
|
არაუმეტეს
17% |
არაუმეტეს
14% |
არაუმეტეს
8% |
არაუმეტეს
10% |
არაუმეტეს
2% |
არაუმეტეს
3% |
არაუმეტეს
0,5% |
მზა ნედლეულს
ინახავენ ტომრებში ან ფუთებში, თაროებზე, მშრალ, ბნელ ადგილას, კარგი
ვენტლაციის პირობებში.
ნედლეული
ვარგისია ორი წელი.
III გამოყენება
წალიკას ბალახი
გამოიყენება როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საშუალება. განსაკუთრებით
მას იყენებენ საშვილოსნოდან და ჰემოროიდალური სისხლდენის დროს.
ხალხურ
მედიცინაში წალიკას ბალახის ნახარშს ხმარობენ მალარიის, გაძნელებული
შარდვის, სხვადასხვა სახის გამონაყრის, კანის დაზიანების დროს, როგორც
შემკვრელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. წალიკას ნედლი ბალახი
გამოიყენება მდოგვის საფენების მსგავსად.
წალიკას ბალახი
გამოიყენება ასევე კუჭ-ნაწლავური სისხლდენების, ჰემოროის,
საშვილოსნოდან სისხლდენის, ფაღარათის დროს.
ნედლი
მცენარიდან გამოწურული წვენი წყალში განზავებული სახით გამოიყენება
პარადონტოზის დროს პირის ღრუში სავლებად.
წალიკას
გამოყენება უკუნაჩვენებია თირკმელებისს და საშარდე გზების ანთების
დროს.
წალიკას
ბალახისაგან ამზადებენ სითხოვან ექსტრაქტს. იგი შედის
ანტიჰემოროიდალური სანთლების (ანესთეზოლი) შემადგენლობაში.
|