სამკურნალო გულყვითელა

Calendula officinalis L.

ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება

 
 
 

ლათ. Calendula officinialis L.

რუს. Календула лекарственная, ноготки лекарственные

ინგ. Pot-marigold

ფრანგ. Souci de jardins, S. officinal

გერმ. Garten Ringelblume

ბულგ. Невен.

ქართული სინონიმი.  ნარგიზელა

 

I. ზოგადი ნაწილი

1.1. ზოგადი აღწერა

 

       გულყვითელა - Calendula officinalis L ., რთულყვავილოვანთა ოჯახის  - Asteraceae (Compositae), ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა.

     გულყვითელას ღერო შებუსვილია ჯირკვლოვანი ბუსუსებით. ღეროს სიმაღლე 50 - 70სმ-ია.  ღერო სწორადმდგომია, ზოგჯერ ფუძიდანვე დატოტვილი. მცენარე დაფარულია მოკლე, ხეშეში ბეწვებით.
    ფოთლები ღეროზე მორიგეობით არიან განლაგებული. ფოთლის ფორმა ლანცეტისებრია,
 მოგრძო, წვერში მომრგვალებული და პატარა მახვილით. ზედა ფოთლები მჯდომარეა; ქვედა ფოთლები მოგრძო უკუკვერცხისებრი, ფუძისკენ ვიწროვდება და გადადის ფრთიან ყუნწში.
     ყვავილები მოყვითალო-ოქროსფერი ან მოყვითალო-ნარინჯისფერია. ყვავილები დიდი ზომის,
მსხვილ, ერთეულ, მრავალყვავილიან კალათა ყვავილედებად არიან შეკრებილი. კალათა, დიამეტრით 4-9 სმ-ია, ყლორტის ბოლოზეა მოთავსებული.ნაყოფს იძლევა ყვავილედის განაპირა  -  ენისებრი ყვავილები, შუა  -  მილისებური ყვავილები უსქესოა. საბურველი 1-2 რიგიანი მოგრძო -ლანცეტა, წვერში წამახვილებული ფოთოლაკებია.
     
აყოფი თესლურაა.  თესლები სხვადასხვა ფორმისa და სიდიდის თესლები განლაგებულია 3 რიგად, მოხრილია, ზურგზე  დაკბილული. ყვითალო,  ყავისფერი ან ნაცრისფერია.
     ღერძული, დატოტვილი ფესვები აქვს, სიღრმეში 70 სანტიმეტრამდე მიდის.
    ბუნებაში მცენარე ყვავის მთელი ზაფხული და შემოდგომის დასაწყისამდე. კულტივირებული გულყვითელას ყვავილობის პერიოდი დათესვის ვადებზეა დამოკიდებული.
 
გამოყვანილია გულყვითელას მრავალი სელექციური, დეკორატიული  ფორმა. ისინი მედიცინაში არ გამოიყენება.

 

 

1.2      თესლები (თესლურა)


     
 ,,Calendula officinalis L - ს  თესლები არაერთგვროვანი, ფორმითა და ზომით  განსხვავებულია. ისინი ფორმა-ზომის მიხედვით შეიძლება სამ ჯგუფად დავყოთ:

       - I ჯგუფი: თესლები მოგრძოა, ნამგალისებური, კავისებურად მომრგვალებული (74%-მდე) ზედაპირი გარეთა, ამოზნექილი ზურგის მხრიდან, მთლიანად დაფარულია ბორცვებით, რომლებიც მჭიდროდ განლაგებულია 4-6 გრძივი მწკრივების სახით. მუცლის ჩაზნექილი მხრიდან ზედაპირი გრძივად ღარისებურია. თესლების ზომა  7,0-10.0 X  1,5-2,0 X  X1,2-1,5 (მმ.)
       II
ჯგუფი: თესლები რკალისებურად მოღუნულია, ფრთოვანი. ფრთები მეტ-ნაკლებად ფართეა, ხშირად მათი ნაპირები გადაკეცილია თესლის შიგნითა მხარეს და წარმოქმნიან ორ გრძივ ღარს არეების სახით, გარეგანი მხრიდან ფრთები გლუვი და მკრთალია. (24%-მდე). თესლების ზომა  14,0-18,0 X 5,0-8,0 X 1,0-1,2 X  (მმ.). პირველი და მეორე ჯგუფის თესლების შეფერილობა წაბლისფერი, ნაცრისფერ-წაბლისფერი, ყავისფერია. ფრთოვან თესლებს ფრთები უფრო ღია ფერის აქვთ (ყვითელი)
    III
ჯგუფი: თესლები მსხვილია, უფრო გრძელი, ფუძესთან დაგრეხილია რკალად, წვერისკენ გაჭიმულია ღერძის ან მახათის მსგავსად, საერთო მოხაზულობით - კავისებურია (2%). ზედაპირი, გარეთა ამოზნექილი მხრიდან, თესლის ფუძიდან შუამდე, დაფარულია ეკლებით 4-5 გრძივი მწკრივის სახით. თესლების ზომა X  X  X  (მმ.). 22,0-30,0 მმ სიგრძეში, 3,0-4,0 მმ სიგანეში, და 2,0-2,5 მმ სისქეში. თესლების შეფერილობა ყვითელი მოყვითალო-მომწვანო, წაბლისფერი, ღია ყავისფერი. აბსოლუტური წონა  9,0-10,0 გრ-ია
."

 

 

1.2.      გავრცელება

 

       გულყვითელას სამშობლოა ცენტრალური და სამხ. ევროპა,ევროპასა და აზიაში გულყვითელას 20-ზე მეტი სახეობაა გავრცელებული. საქართველოში მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, გულყვითელას ორი სახეობა გვხვდებოდა : Calendula arvensis და C. gracilis. დღეს, დეკორატიული მიზნით,  მრავალი სახეობაა შემოტანილი

      Calendula officinalis ველურად იზრდება ხმელთაშუაზღვის ქვეყნებში  -  ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, შუა აზიაში. ბევრ ქვეყანაში იგი კულტივირებულია როგორც დეკორატიული მცენარე. საქართველოში Calendula officinalis  ველურად არ იზრდება. შემოტანილია კულტურის სახით, როგორც დეკორატიული მცენარე.

 

 

 

1.3.      ეკოლოგიური მდგომარეობა

 

   სამკურნალო გულყვითელა საქართველოში და არც ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე ველურად არ გვხვდება. საქართველოში მეტწილად აწარმოებენ მას დეკორატიულ მცენარედ. იგი კულტურის სახით შეგვხვედრია გაზონებში, ეკლესიის ეზოებში, საბაღე ნაკვეთებში. კულტივირებული სამკურნალო გულყვითელას შეხვდებით ყვავილების  ბაზრებში.

 

 

 

1.4.      სამკურნალო ნედლეული

 

       გულყვითელას სამკურნალო ნედლეულად ითვლება ყვავილები - Flores Calendulae  (საყვავილე კალათები). მას აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. შეგროვება ხდება რამდენიმეჯერ, ტექნიკური სიმწიფის შესაბამისად. მშრალი საყვავილე კალათების დიამეტრი 4 მ-მდეა, ყვავილსაჯდომი ბრტყელია, შიშველი. ყვავილსაჯდომის საბურველი მწვანეა, წარმოდგენილია ვიწრო, ლანცეტისებურად წამახვილებული ფოთლების ერთი რიგით. ყვავილედის განაპირას ენისებური ყვავილებია. ენისებური ყვავილები ყვავილედში 2-3 რიგადაა. არსებობს ბუთხუზა ყვავილების ფორმებიც, რომლებშიც ენისებური ყვავილები 12 რიგად არის განწყობილი.

ხარისხიან ნედლეულში (საბჭოთა მოთხოვნები) 3-7 სმ სიგრძის საყვავილე ღეროების რაოდენობა 10%-ზე მეტი არ უნდა იყოს, ხოლო დაფშვნილი კალათები, რომლებიც ენისებრი ყვავილების გარეშეა, არაუმეტეს 20%-სა, გამუქებული კალათები  -  არაუმეტეს 3%-სა; სხვა მინარევები: ორგანული (სხვა მცენარის ნაწილები)  -  არაუმეტეს 0,5%-სა, მინერალური (მიწა, ქვიშა)  -  არაუმეტეს 0,2%-სა. ნედლეულის ტენიანობა არ უნდა აღემატებოდეს 14% - ს.

 

 

1.5. ქიმიური შედგენილობა

 

  გულყვითელას საყვავილე კალათები შეიცავენ კაროტიონიდებს: კაროტინს, ლიკოპინს, ვიოლოქსანტინს, ციტრაქსანტინს, რუბიქსანტინს, ფლავოხრომს. მცენარის მიწისზედა ნაწილები შეიცავენ 10%-მდე მწარე ნივთიერებას  -  კალენდენს. ყვავილებში აღმოჩენილია ეთერზეთები, ფისები (3,4%), ლორწო (2,5%), აზოტოვანი ლორწოები (1,5%), ვაშლის მჟავა (6-8%), სალიცილმჟავას კვალი, მთრიმლავი ნივთიერებები (6%), საპონინები. საყვავილე კალათები შეიცავენ ასევე ალკალოიდებს, რომლებიც ბოლომდე არ არიან შესწავლილი; თესლები შეიცავენ ცხიმოვან ზეთს. თესლშიაც აღმოჩენილია ალკალოიდები.

     [9]: ,,კალათა ყვავილები შეიცავს კაროტინოიდებს, მათ ჯამში მთავარია α-კაროტინი (30გგ%), ლიკოპინი, ვიოლაქსანტინი, ფლავოქსანტინი, ციტროქსანტინი, რუბიქსანტინი, ფლავოქრომი და სხვა. კაროტინოიდების რაოდენობა 3% აღწევს ბუთხუზა ყვავილებიან ფორმების მკვეთრად შეფერილ ენისებრ ფურცლებში. გარდა ამისა მოიპოვება ვიტამინი C, ეთეროვანი ზეთი, ფლავონოიდები (ქვერცეტინი, იზორამნეტინი, გლიკოზიდის ფორმით ნარცისინომი), საპონინები, ფისები, ორგანული მჟავები, პოლისაქარიდებიდან ლორწო (4%), პექტინები, ინულინი; გულყვითელას მიწისზედა ნაწილი შეიცავს მწარე ნივთიერებებს, რომლებიც კალენდრის (C23H38O7) სახელითაა ცნობილი, აგრეთვე საპონინს, რომელიც ოლეანოლის და გლუკურონის მჟავების გლიკოზიდია. ტრიტერპენოიდებიდან დადგენილია არნიდიოლი და ფარადიოლი. გამოყოფილია კუმარინები-სკოპოლეტინი, უმბელიფერონი, ესკულეტინი. თესლებში მოიპოვება ცხიმოვანი ზეთი, რომელშიც დომინანტობს პალმიტინის და ლაურინის მჟავების გლიცერიდები".

 

 

 

II

2.1. გულყვითელას კულტივირება

ნიადაგის შერჩევა და დამუშავება

 

სამკურნალო გულყვითელას კულტივირებისათვის ხელსაყრელია ნესტიანი ღია მზიანი ადგილები. იგი იტანს ჩრდილს, ჭაობიან და ქვიშიან ნიადაგებს. გულყვითელა სასურველია დაითესოს საგაზაფხულო ხორბლის ან რომელიმე სათოხნი კულტურის შემდეგ. გულყვითელას კულტივირება ზედიზედ ერთი და იგივე ადგილას არ არის რეკომენდირებული, ვინაიდან იგი მეტად მომთხოვნია საკვები ნივთიერებებისადმი და ძლიერ ფიტავს ნიადაგს. გამოფიტული ნიადაგი კი მომდევნო წლებში ამცირებს მოსავალს.

ეროზიასაშიშ და ეროზირებულ ნაკვეთებში გულყვითელა უნდა დაითესოს ზოლებრივად, იმ მცენარეებთან მონაცვლეობით, რომლებიც ეროზიის წინააღმდეგ ეფექტურად გამოიყენება. იგივე პრინციპი უნდა იქნეს დაცული თესლბრუნვის დროს.

დათესვამდე ნიადაგს დაამუშავებენ, ნიადაგის დამუშავებას იწყებენ ადრე გაზაფხულზე, როგორც კი შესაძლებელი გახდება მინდორში გასვლა. პირველ რიგში ხნულ ნიადაგს დაფოცხავენ და მის ზედაპირს მოასწორებენ. ამგვარი სამუშაოს შესრულების მიზანია, შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნოს ნიადაგს სინესტე. თუ კი ნიადაგის ზედაპირი გამკვრივებულია, საჭიროა კულტივაციის ჩატარებაც ნიადაგის 4 - 5 სმ სიღრმეზე.

გულყვითელას ყვავილების მოსავლიანობა და ხარისხი მკვეთრად იზრდება ნიადაგში დამატებითი საკვების შეტანის შემთხვევაში. საკვები შეაქვთ შემოდგომით ხნულში შემდეგი გაანგარიშებით: 1 ჰა-ზე 30 - 40 ტ ნაკელი. 

 

ჩვენ გირჩევთ თავი აარიდოთ მინერალური სასუქების გამოყენებას.

 

 

2.2. გამრავლება

 

   გულყვითელა მრავლდება თესლებით. სათესლედ გამოიყენება კაუჭისებური ფორმის წვრილი თესლები, რომლებიც ბუთხუზა ფორმის ყვავილებისაგან მიიღება. ასეთი თესლების აღმოცენების უნარია 65-75%. დათესვისათვის შესაძლებელია ბოსტნეულის ან მარცვლეულის სათესელას გამოყენება. თესლის აღმოცენებისათვის ოპტიმალურია 20 - 300С ტემპერატურა. თესლი აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 3 - 5 წლის განმავლობაში. ოპტიმალურ პირობებში დათესვიდან 6 - 12 დღის შემდეგ აღმონაცენი უკვე შესამჩნევი ხდება. დათესვის დროს გრანულირებული სუპერფოსფატის (40 კგ/ჰა) შეტანა მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას.

   გულყვითელას თესავენ გაზაფხულზე. ზამთარში დათესვა უშედეგოა. დათესვა ხდება 3 სმ სიღრმეზე. დასათესად ხმარობენ 2 მწკრივიან სათესელას. ამ შემთხვევაში რიგთაშორის მანძილი 15 სმ-ია, მწკრივებს შორის კი 60 სმ. უფრო ვიწრო ინტერვალით გულყვითელას დათესვა რეკომენდირებული არ არის. რადგანაც ზაფხულის მეორე ნახევარში იგი ივითარებს მასიურ მიწისზედა ნაწილს და პლანტაციაში შესვლისას შესაძლოა დაიჯეგოს. ნათესებს ჩვეულებრივ არ ამეჩხერებენ. 70% სამეურნეო ვარგისიანობის თესლებით დათესვისას დათესვის ნორმაა 1 ჰა-ზე 12 - 15 კგ თესლი. დათესვის წინ თესლის სპეციალური დამუშავება საჭირო არ არის.

 

 

2.3. მოვლა

 

   გულყვითელას მოვლა ძირითადად გულისხმობს ნიადაგის ფხვიერად შენარჩუნებას და სარეველებისაგან გაწმენდას. საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია ნიადაგის კულტივაციაც, მისი გამკვრივების მიხედვით 2 - 3-ჯერ. I - II კულტივაციის დროს გაფხვიერების სიღრმე 4 - 5 სმ-ია, მომდევნო  -  6-8 სმ.

    ნიადაგის სუფთად შენარჩუნების მიზნით სარეველებს გამოასუფთავებენ გამოთოხნით. მცენარე აღმონაცენის გამოჩენიდან 20 - 25 დღის შემდეგ ბუტონიზაციის ფაზაში შედის, 38 - 50 დღის შემდეგ ყვავის, ხოლო ნაყოფს ისხამს 60 - 75-ე დღეზე.

 

 

2.4. ბრძოლა მავნებლების წინააღმდეგ

 

   კულტურის მოვლის ღონისძიებებში უმთავრესია ბრძოლა მავნებლების წინააღმდეგ. გულყვითელას მიწისზედა ნაწილს, მეტწილად ფოთლებს, ხშირად აზიანებენ მავნებლები: გამა ხვატარის ჭუპრები, კომბოსტოს ხვატარი; ყვავილედს აზიანებს ჭარხლის ბაღლინჯო; ქორფა მცენარის მიწისქვეშა ნაწილს აზიანებენ სხვადასხვა მატლები.

   ყვავილედის ცენტრალური ნაწილის ყვავილებს აზიანებენ ჯვაროსანი (Звездокрылая мушка) ქინქლას ჭუპრები.

 

 

   კულტურის დაავადებებიდან ცნობილია ნაცარი, რომლის გამომწვევია ნაცროვანი სოკოები და პერონოსპოროზი, რომელთა გამომწვევია ცრუნაცროვანი სოკოები.

   დაავადებებთან და მავნებლებთან საბრძოლველად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება: წინა კულტურის ნარჩენების შეგროვება და განადგურება (განსაკუთრებით, თუ თესლბრუნვაში წინამორბედი კულტურა რთულყვავილოვანთა ოჯახისაა), ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ, ყვავილების დროული შეგროვება, აგროტექნიკური ღონისძიებების დაცვა და სხვა.

   სამკურნალო მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ რეკომენდირებული არაა ქიმიური პრეპარატების გამოყენება. უპრიანია გამოვიყენოთ სექტიციდური მცენარეები. უნდა გვახსოვდეს, რომ სექტიციდური მცენარეების გამოყენებისას უსაფრთხოების ზომები ისევე უნდა დავიცვათ, როგორც ძლიერი ქიმიური საშუალებების გამოყენებისას.

   გულყვითელას ნათესების დასაცავად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სარეპტის მდოგვის (Brassica juncea (L) Czern) კონცენტრატი. კონცენტრატის მოსამზადებლად 10 გრ. თესლის ფხვნილს დააყენებენ 1 ლიტრ წყალზე. დააყოვნებენ მჭიდროდ თავდახურულად 48 საათის განმავლობაში. გაფილტრავენ, 150-200 მლ. კონცენტრატს განზავებენ 850-800 მლ წყლით და მიღებულ სხნარს იყენებენ შესაწამლად.

კარგ შედეგს იძლევა წიწაკის მწარე ჯიშების (Copsicum annuum l) გამოყენებაც. 1 კგ. წიწაკის დაჭრილ ნაყოფებს ჩაყრიან 10 ლ. წყალში და თავდახურულ ჭურჭელში წამოადუღებენ. იგივე ჭურჭელში დააყოვნებენ 2 დღე-ღამის განმავლობაში. შემდეგ გამოწურავენ. კონცენტრატს ხმარების წინ განაზავებენ შვიდმაგი რაოდენობის წყლით. გამოიყენება წიწაკის როგორც ნედლი, ასევე მშრალი ნაყოფები. მავნებლების წინააღმდეგ ეფექტურია შხამას (Veratrum album) გამოყენებაც. 1 კგ. ნედლი შხამას ბალახს ან 0,5 კგ. ნახევრადშრალს ან 0,1 - 0,25 კგ. მშრალ მცენარეს დააყენებენ 10 ლ. წყალზე, გააჩერებენ 1 - 2 დღე-ღამის განმავლობაში, წამოადუღებენ 30 წუთით. დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად მიმართავენ გოგირდის ფხვნილის შეფრქვევასაც. გოგირდის წამლობისას შეარჩევენ ცხელ ამინდს (200С და უფრო მეტი ტემპერატურა) და 1 ჰა-ზე ხმარობენ 30 კგ გოგირდს.

 

   სამკურნალო მცენარეთა შეწამლვა მოსავლის აღებას წინ უნდა უსწრებდეს 3-4 კვირით მაინც. შეწამლვის დროს დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების წესები, რომლებიც შხამ-ქიმიკატებთან მუშაობის დროს არის გათვალისწინებული.

   შეწამლვა სასურველია განახორციელოს სპეციალურმა სამსახურმა, უსაფრთხოების ღონისძიებების დაცვით.

 

 

2.5. გულყვითელას ნედლეულის აღება

 

   გულყვითელას ნედლეული მისი ყვავილებია. მცენარე ყვავილობას იწყებს აღმონაცენის გამოჩენიდან 38-50 დღის შემდეგ. ყვავილობა გრძელდება ზაფხულის დასაწყისიდან შემოდგომამდე, ხშირად გვიან შემოდგომამდეც. ნედლეულსაც მთელი ყვავილობის პერიოდის მანძილზე აგროვებენ. ნედლეულის შეგროვება ხდება შერჩევით. შეგროვებას იწყებენ როცა ენისებური ყვავილები ჰორიზონტალურ მდგომარეობაშია. პლანტაციის ყვავილობის პირველ პერიოდში საყვავილე კალათები სწრაფად და დიდი რაოდენობით იშლება. ამიტომ ნედლეულის შეგროვება ყოველ სამ დღეში ხდება. მოგვიანებით ნედლეულს აგროვებენ 4-5 დღის ინტერვალით. შემდეგში ეს ინტერვალები უფრო ხანგრძლივი ხდება. ერთ სეზონზე ნედლეულს 15-20-ჯერ იღებენ.  ნედლეულად არჩევენ ბუთხუზა ფორმის ყვავილს, რომელსაც ენისებური ყვავილების ნახევარზე მეტი გაშლილი აქვს და არაბუთხუზა ფორმის ყვავილს, რომლის მილისებური ყვავილებიც გაშლილია 2-4 რიგად. ყვავილებს წყვეტენ ზედ ფუძესთან და აგროვებენ კალათაში. კალათაში ნედლეულის 2-3 საათზე მეტ ხანს დატოვება დაუშვებელია. ნედლეული შეიძლება ჩახურდეს და ხარისხი დაკარგოს.

 

შეგროვილი ყვავილები საშრობში თხლად უნდა გაიშალოს, ისე რომ გასაშრობ ფენაზე 1-2 ყვავილზე მეტი არ მოხვდეს. შრობის ტემპერატურაა 400-450 С. კარგად გამხმარი ყვავილები ხელის თითებში მოსრესვისას იფშვნებიან. გამშრალ ყვავილებს 15-25 კგ-იან ყუთებში ან ორმაგქსოვილიან ტომრებში ფუთავენ.

საქართველოში გულყვითელას საჰექტარო მოსავლიანობის შესახებ მონაცემები არა გვაქვს. მცირე საცდელი ნაკვეთების მონაცემებით, მუყაითმა მემამულემ, ვფიქრობთ, ჰექტარზე 3-4 ტონა მშრალ ნედლეულზე უნდა აიღოს ორიენტაცია. რუსეთში საბჭოთა მეურნეობებს საჰექტარო გეგმა 2 ტონამდე ჰქონდათ.

 

 

2.6. თესლის შეგროვება

 

  სათესლე ნაკვეთში მაღალი კონდიციის თესლების მიღების მიზნით საჭიროა მცენარის განვითარებისათვის ოპტიმალური პირობების შექმნა. ამის მიღწევა შესაძლებელი ხდება აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და მიზანმიმართულად ჩატარებისას. ნაკვეთზე, რომელიც თესლის წარმოებისათვის არის განკუთვნილი, ნედლეულს არ აგროვებენ. სათესლედ იყენებენ ბუთხუზა ფორმის ყვავილებს; დაუშვებელია სხვა ფორმისა და სახის მცენარის სათესლე ნაკვეთში განვითარება, რათა არ მოხდეს მათი დამტვერვა. თესლები თანდათანობით მწიფდებიან და მას რამდენიმეჯერ აგროვებენ. სათესლედ ვარგისია მურა შეფერილობის კაუჭისებური ფორმის თესლები. შეგროვებულ თესლებს გაუშლიან ბრეზენტზე და ჩრდილში აშრობენ. გაშრობისას დროდადრო აურევენ. მშრალი თესლების ტენიანობა 13%-ს არ უნდა აღემატებოდეს.

  თესლების მოსავლიანობაა 1 ჰა-ზე 0,4 ტ. თესლი. შუა სექტემბრამდე შეგროვებული თესლების აღმოცენების უნარი 65-78%-ია, უფრო მოგვიანებით შეგროვებული  -  25-30%. თესლი აღმოცენების უნარს ინარჩუნებს 5 წელი.

 

 

 

გამოყენება მედიცინაში

 

   გულყვითელას მედიცინაში ფართო გამოყენება აქვს. გულყვითელას ყვავილები გამოიყენება როგორც ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება. შიგნით მიღებისას მას გააჩნია ნაღველმდენი მოქმედება.

   მედიცინაში სამკურნალო გულყვითელას იყენებენ ჭრილობების, მათ შორის ჩირქოვანის, დამწვრობის, მოყინვის და სხვ. სამკურნალოდ. გულყვითელა წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიაში  -  საშვილოსნოს ყელის ეროზიისა და კოლპიტების დროს (1 ჩაის კოვზ მცენარის სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და ხმარობენ გამოსარეცხად). სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების დროს ხმარობენ ოყნის სახით (ამისათვის 1 ჩაის კოვზ გულყვითელას სპირტოვან ნაყენს ¼ ჩაის ჭიქა წყალში განაზავებენ).

   გულყვითელას ხმარობენ პირის ღრუში გამოსავლებლად ანთებითი პროცესის დროს (1 ჩაის ჭიქა სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და გამოივლებენ ყოველ 1 1/2 - 2 სთ-ში).

   გულყვითელასაგან ამზადებენ წყლიან გამონაწვლილსაც. 10 გ. სამკურნალო ნედლეულს დაასხამენ 100 გ. მდუღარე წყალს, გააგრილებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს განზავებული სახით (1-2 ჩაის ჭიქა წყალზე) გამოივლებენ პირის ღრუსა და ყელში ანთებითი პროცესების დროს, ან სვამენ 1 ჩაის კოვზით ჭამის წინ, როგორც ნაღვლმდენ საშუალებას.

   გულყვითელას ყვავილების ფხვნილისაგან ამზადებენ მალამოს, რომელიც გამოიყენება ეგზემის დროს.

   გულყვითელა გამოიყენება სამკურნალო კოსმეტიკაშიც. ცხიმოვანი სებორეის დროს კარგ შედეგს იძლევა განზავებული სპირტიანი ნაყენით სახის გაწმენდა. შესაძლებელია ნიღბის გაკეთებაც. ამ მიზნით გულყვითელას სპირტიან ნაყენს წყლით განაზავებენ (1:1). მიღებული სითხით შესველებულ მარლას დაიფენენ სახის კანზე 15-20 წთ-ის განმავლობაში. ნიღბის მოცილების შემდეგ სახეს მშრალი  ტამპონით შეიშრობენ. ეს პროცედურა ხელს უწყობს სახის კანისაგან ჭარბი ცხიმის მოცილებას.

   სახის კანზე ფერისმჭამელებიანი გამონაყარის დროს ხმარობენ გულყვითელას ზეთოვან გამონაწვლილს. მის დასამზადებლად 1 ნაწილ გულყვითელას ყვავილებს დაასხამენ 5 ნაწილ ზეითუნის ზეთს, დააყოვნებენ 2-3 კვირა; გადაწურავენ; მიღებულ ზეთს წაისვამენ ფერისმჭამელებიან კანზე.

გულყვითელას ყვავილები სხვა სამკურნალო მცენარეებთან კომბინაციაში რეკომენდირებულია ბუდობრივი სიქაჩლის დროს;

გულყვითელას ყვავილი  -  10,0

ჭინჭრის ბალახი  -  15,0

მრავალძარღვას ფოთოლი  -  15,0

პიტნის ფესვი - 10,0

კრაზანას ბალახი - 15,0

სიმინდის ულვაში - 10,0

უკვდავას ყვავილი - 10,0

1 სუფრის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დაასხამენ 200,0 წყალს, ადუღებენ წყლის აბაზანაზე 10 წთ-ის განმავლობაში, გაცივების შემდეგ გაწურავენ. 1/3 - 1/2 ჩაის ჭიქა გამონაწვლილს დღეში 2-3-ჯერ ღებულობენ.

აღნიშნული საშუალება უზრუნველყოფს გამელოტებულ ადგილებში სისხლის მომარაგების გაუმჯობესებას.

გულყვითელას სპირტიანი ნაყენი რეკომენდირებულია ქატოსმაგვარი სირსველის დროს, რომლის გამომწვევია პარაზიტი სოკო ტრიქოფიტონი. ამ დროს იგი გამოიყენება დაზიანებულ ადგილებზე წასასმელად.

ვიტილიგოს დროს გულყვითელას ყვავილებს სხვა მცენარეებთან ნაკრებში გამოიყენებენ შიგნით მისაღებად.

გულყვითელას ყვავილი - 10,0

სალბის ბალახი  -  20,0

კრაზანას ბალახი  -  20,0

თავშავას ბალახი  -  10,0

გვირილას ყვავილი  -  10,0

მრავალძარღვას ფოთოლი  -  15,0

ჭინჭრის ფოთოლი  -  15,0

მცენარეული ნაკრებისაგან მომზადებულ წყლიან გამონაწვილს 1/3 - 1/2 ჩაის ჭიქით სვამენ დღეში 3-2-ჯერ.

 

ნებისმიერ მკურნალობა, მათ შორის სამკურნალო მცენარეებით, ექიმის მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.

 

 

 
სამკურნალო გულყვითელას გამოყენება კლინიკურ და ემპირიულ მედიცინაში  (მანანა კიკნაძე).

 

დაავადებები, სიმპტომები, სინდრომები

 ნედლეული

 ემპირიული რეცეპტი

საჭმლის მომნელებელი სისტემა    
  პროქტიტი

გულყვითელას ყვავილები

სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთების დროს ხმარობენ ოყნის სახით (ამისათვის 1 ჩაის კოვზ გულყვითელას სპირტოვან ნაყენს ¼ ჩაის ჭიქა წყალში განაზავებენ).
  კოლიტი, ენტეროკოლიტი გულყვითელას ყვავილები

20 გრ ყვავილი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი 1-2 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს.

  წყლულოვანი დაავადება გულყვითელას ყვავილები

20 გრ ყვავილი (2 სუფრის კოვზი) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი 1-2 სუფრის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ კუჭ-ნაწლავის დაავადების დროს.

   სანაღვლე გზების დაავადებები

გულყვითელას ყვავილები

 

10 გ. სამკურნალო ნედლეულს დაასხამენ 100 გ. მდუღარე წყალს, გააგრილებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს განზავებული სახით (1-2 ჩაის ჭიქა წყალზე); სვამენ 1 ჩაის კოვზით ჭამის წინ, როგორც ნაღვლმდენ საშუალებას.

გინეკოლოგია    
  საშვილოსნოს ყელის ეროზია

გულყვითელას ყვავილები

 

(1 ჩაის კოვზ მცენარის სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და ხმარობენ გამოსარეცხად).
   კოლპიტი

გულყვითელას ყვავილები

 

(1 ჩაის კოვზ მცენარის სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და ხმარობენ გამოსარეცხად).
კანისა და ვენერიული დაავადებები    
   ეგზემა

გულყვითელას ყვავილები

 

გულყვითელას ყვავილების ფხვნილისაგან ამზადებენ მალამოს, რომელიც გამოიყენება ეგზემის დროს.

   ცხიმოვანი სებორეა

გულყვითელას ყვავილები

 

 გულყვითელას სპირტიან ნაყენს წყლით განაზავებენ (1:1). მიღებული სითხით შესველებულ მარლას დაიფენენ სახის კანზე 15-20 წთ-ის განმავლობაში. ნიღბის მოცილების შემდეგ სახეს მშრალი  ტამპონით შეიშრობენ.

   ალოპეცია

გულყვითელას ყვავილები

 

ბუდობრივი სიქაჩლის დროს;

გულყვითელას ყვავილი  -  10,0

ჭინჭრის ბალახი  -  15,0

მრავალძარღვას ფოთოლი  -  15,0

პიტნის ფესვი - 10,0

კრაზანას ბალახი - 15,0

სიმინდის ულვაში - 10,0

უკვდავას ყვავილი - 10,0

1 სუფრის კოვზ მცენარეულ ნაკრებს დაასხამენ 200,0 წყალს, ადუღებენ წყლის აბაზანაზე 10 წთ-ის განმავლობაში, გაცივების შემდეგ გაწურავენ. 1/3 - 1/2 ჩაის ჭიქა გამონაწვლილს დღეში 2-3-ჯერ ღებულობენ.

   ქატოსებრი სირსველი

გულყვითელას ყვავილები

 

გულყვითელას სპირტიანი ნაყენი დაზიანებულ ადგილებზე წასასმელად.
  ფერისმჭამელებიანი კანი

გულყვითელას ყვავილები

 

მის დასამზადებლად 1 ნაწილ გულყვითელას ყვავილებს დაასხამენ 5 ნაწილ ზეითუნის ზეთს, დააყოვნებენ 2-3 კვირა; გადაწურავენ; მიღებულ ზეთს წაისვამენ ფერისმჭამელებიან კანზე.
   ვიტილიგო

გულყვითელას ყვავილები

 

გულყვითელას ყვავილი - 10,0

სალბის ბალახი  -  20,0

კრაზანას ბალახი  -  20,0

თავშავას ბალახი  -  10,0

გვირილას ყვავილი  -  10,0

მრავალძარღვას ფოთოლი  -  15,0

ჭინჭრის ფოთოლი  -  15,0

მცენარეული ნაკრებისაგან მომზადებულ წყლიან გამონაწვილს 1/3 - 1/2 ჩაის ჭიქით სვამენ დღეში 3-2-ჯერ.

ქირურგიული დაავადებები    
   ჭ რილობები

გულყვითელას ყვავილები

 
  დამწვრობა

გულყვითელას ყვავილები

 
  მოყინვა

გულყვითელას ყვავილები

 
  ფურუნკულები

გულყვითელას ყვავილები

 
     
ყელ - ყურ - ცხვირის დაავადებები    
  ანგინა, ტონზილიტი

გულყვითელას ყვავილები

10 გ. სამკურნალო ნედლეულს დაასხამენ 100 გ. მდუღარე წყალს, გააგრილებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს განზავებული სახით (1-2 ჩაის ჭიქა წყალზე) გამოივლებენ ყელში ანთებითი პროცესების დროს.

სტომატოლოგია    
  პაროდონტოზი

გულყვითელას ყვავილები

1. პირის ღრუში გამოსავლებლად ანთებითი პროცესის დროს (1 ჩაის ჭიქა სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და გამოივლებენ ყოველ 1 1/2 - 2 სთ-ში).

2. გულყვითელასაგან ამზადებენ წყლიან გამონაწვლილსაც. 10 გ. სამკურნალო ნედლეულს დაასხამენ 100 გ. მდუღარე წყალს, გააგრილებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს განზავებული სახით (1-2 ჩაის ჭიქა წყალზე) გამოივლებენ პირის ღრუსა და ყელში ანთებითი პროცესების დროს,

  გინგივიტი

გულყვითელას ყვავილები

1. პირის ღრუში გამოსავლებლად ანთებითი პროცესის დროს (1 ჩაის ჭიქა სპირტოვან ნაყენს განაზავებენ 1 ჩაის ჭიქა წყალში და გამოივლებენ ყოველ 1 1/2 - 2 სთ-ში).

2. გულყვითელასაგან ამზადებენ წყლიან გამონაწვლილსაც. 10 გ. სამკურნალო ნედლეულს დაასხამენ 100 გ. მდუღარე წყალს, გააგრილებენ და გადაწურავენ. მიღებულ სითხეს განზავებული სახით (1-2 ჩაის ჭიქა წყალზე) გამოივლებენ პირის ღრუსა და ყელში ანთებითი პროცესების დროს,

        
 

სტატიის შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net

 

ლიტერატურა:

  1. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის   განვითარების საკითხები.       "მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID      resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)

  2. Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health     Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის     მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.

  3. ლალი დათეშიძე. სამკურნალო გულყვითელა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით

  4. ლალი დათეშიძე. სამკურნალო გულყვითელა. "სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი". თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით,     მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program    (United kingdom).

  5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო ედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.

  6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". თბილისი, 2005.  ,,ტექინფორმის" დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

  7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ.,  საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980

  8. ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005

  9. ქსე

  10. შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983

  11. საქართველოს ფლორა. I -  XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.