გველის სურო პატარა - Vinca minor L.
 
      ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

 

საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება

 

 
 

Барвинок малый - რუს.

Lesser periwinkle - ინგლ.

Kleines Immergrum - გერმ.

Petit pervenche - ფრანგ.

 

 I. ზოგადი ნაწილი
1.
1. გავრცელება


       პატარა გველის  სურო იზრდება ფართოფოთლოვან ტყეებში, ბუჩქნარებში, მშრალ ფერდობებზე . ზოგიერთ ადგილას წარმოქმნის მოზრდილ ბარდებს.გავრცელებულია  შუა და სამხრეთ ევროპაში. ბევრგან შემოტანილია კულტურაში, როგორც დეკორატიული და სამკურნალო მცენარე.გველის სუროს როგორც დეკორატიულ მცენარეს ხშირად წააწყდებით პარკებსა და სკვერებში. საქართველოში ბუნებრივად არ გვხვდება.
     
საერთოდ, სუროს Vinca  გვარი აერთიანებს 7 სახეობას. საქართველოში იზრდება ორი სახეობა:
     -  
ბალახოვანი გველის სურო - V. herbacea waldst et Kit
     -  ბუსუსოვანი გველის სურო - V. pubescens D՚ urv.
 

     ოფიცინალური სახეობაა მხოლოდ პატარა გველის სურო. ბალახოვანი გველის სუროსა და ბუსუსოვან გველის სუროს ქართველი საბჭოთა მეცნიერები პერსპექტიულ მცენარეებად მიიჩნევდნენ, მაგრამ როგორც [9] აღნიშნავს, ისინი ვერ დაინერგა ფარმაცევტულ პრაქტიკაში.

 

 

1.2პატარა გველის სურო

ზოგადი დახასიათება

 

        პატარა გველის სურო - Vinca minor L. მიეკუთვნება ქენდირისებრთა - Apocynaceae ოჯახს.  იგი მარადმწვანე ნეხევრადბუჩქოვანი მცენარეა.

 

 
        საყვავილე ღეროები (გენერაციული) სწორმდგომია, 20-35სმ სიმაღლის. ვეგეტატიური ყლორტები გართხმულია და ჩაფესვიანებული. ისინი დატოტიანებულია.სიგრძეში 60-80სმ-ია. ფოთლები მოპირდაპირეა, მოკლეყუნწიანი, ელიფსური მოყვანილობის, კიდემთლიანი.ფოთლის ზედაპირი. ტყავისებურია და მბზინავი. მისი სიგრძე 3-7სმ-ია, სიგანე 1,5-3,5სმ. საყვავილე ღეროზე 1-2 ყვავილია.  მოთავსებულია ფოთლების უბეებში.
    ყვავილის ყუნწი ფოთლის ყუნწისოდენაა, ან ოდნავ მოზრდილია. გვირგვინი მუქი ლურჯია, მილისებრი, ერთ მხარეს გაფართოებული .
      ნაყოფი ნამგლისებურად მოხრილი ჭოტია.მის შიგნით მრავალი თესლია განთავსებული, ზომით   
თესლის სიგრძე 5-9მმ X 2-3მმ.

     ყვავილობ იწყებს მარტ-აპრილში, ერთი წლის მანძილზე, ჩვენში სამჯერ ასწრებს ყვავილობას.

 

 

 

1.3.      ქიმიური შემადგენლობა
 

          ოფიცინალური ნედლეულია პატარ გველის სუროს ბალახი - Herba Vincae minoris.

     სამკურნალო ნედლეული (ბალახი) შეიცავს ინდოლის ჯგუფის ალკალოიდებს. იზოლირებულია შემდეგი ალკალოიდები: ვინკამინი, იზოვინკამინი, რეზერპინი, ვინინი, გერბადეინი, პუბესცინი და სხვა.

    ნედლეულში აღმოჩენილია გლიკოზიდი (ვინკოზიდი), მთრიმლავი ნივთიერებები, მწარეები. ფოთოლი შეიცავს ფლავონოიდ რობინინს, ტრიტერპენულ ნაერთებს, ტანინებს და სხვა.
      ფორმულა-ნახატი აღებულია [9]-დან.

 

 

 

1.4.  ეკოლოგიური საკითხები

 

        გველის სუროს ნედლეულის შეგროვებისას დაუშვებელია მცენარის ფესვებიანად ამოთხრა, ასევე ჩაფესვიანებული ვეგეტატიური ყლორტების შეგროვება. ბუნებაში გველის სუროს ბალახის დამზადებისას საყურადღებოა, რომ ერთი და იგივე ადგილას ნედლეულის მოპოვება შეიძლება 3 წელიწადში ერთხელ.

 

 

 

II კულტივირება
2.1 გამრავლება

 

    გველის სურო გამოირჩევა ვეგეტატიური ყლორტების სიუხვით, ამიტომაც მისი გამრავლების მიზნით უპირატესობა ენიჭება ვეგეტატიურ გამრავლებას (ასევეა ბუნებაშიც).

    კულტივირებისათვის შერჩეულ ნიადაგს წინასწარ დაამუშავებენ და გააკეთებენ კვლებს. რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 60სმ. თითოეულ რიგში მცენარეებს შორის იცავენ 40სმ ინტერვალს და რგავენ 8-10სმ სიღრმეზე. დარგვა შესაძლებელია შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე, სანამ ნიადაგი ჯერ კიდევ ნესტიანია. იმავე წელსვე მცენარე იკეთებს ყვავილს და ივითარებს რამდენიმე მხოხავ ყლორტს, რომელიც ჩაფესვიანდება. მეორე წელს ვეგეტატიური ყლორტების წარმოქმნა და ჩაფესვიანება ინტენსიურად მიმდინარეობს.

    მთელი ვეგეტაციის განმავლობაში საჭიროა სარეველებისაგან გასუფთავება და ნიადაგის ფხვიერი მდგომარეობის შენარჩუნება. პლანტაცია ზაფხულის განმავლობაში საჭიროების მიხედვით მოითხოვს მორწყვას (ჩვეულებრივ 2-3-ჯერ).

 

 

 

2.2 ნედლეულის დამზადება

 

    ნედლეულს წამოადგენს ბალახი. მას ამზადებენ გაზაფხულზე ან ზაფხულის დაწყებამდე. აგროვებენ მჭრელი იარაღით გადაჭრილ ღეროებს. მას ნიადაგის ზედაპირიდან 3-5სმ სიმაღლეზე გადაჭრიან და მოჭრილ ღეროებს გადაარჩევენ. სხვა მცენარის მინარევებს და გველის სუროს ბალახის დაზიანებულ ნაწილებს გამოაცალკევებენ და გადარჩეულ ნედლეულს ჩაალაგებენ კალათებში ან ტომრებში, რომლებიც დაუყონებლივ გადააქვთ შრობის ადგილას.

    შეგროვებულ ნედლეულს გაშლიან თხელ ფენად, 3-5სმ სისქეზე. გაშრობა შეიძლება ღია ადგილას თუ წვიმიანი არ არის, შესაძლებელია სხვენზე გაშრობა კარგი ვენტილაციის პირობებში. ხელოვნური შრობის დროს შრობა უნდა ჩატარედეს 40-500ჩ ტემპერატურაზე. შრობა დამთავრებულია, როცა ფოთლები და ყლორტები მსხვრევად სტრუქტურას შეიძენენ. ჩვეულებრივ შრობას სჭირდება 5-7 დღე. მშრალი ფოთლების გამოსავლიანობა შეადგენს 30-40% ნედლ მასალაზე გადაანგარიშებით.

    მშრალ ნედლეულს ფუთავენ ნაჭრის ტომრებში ან ფუთებში, რომელსაც ინახავენ კარგი განიავების პირობებში.

    ნედლეულის საშუალო მოსავლიანობა პირველ წელს 1 ჰა-ზე შეადგენს 15 ცენტნერს, მეორე წელს კი 23,8 ცენტნერს (იგულისხმება გამშრალი ნედლეული).

    გვლის სუროს სტანდარტული ნედლეული წარმოადგენს ფოთლიან ღეროებს, რომელზედაც შესაძლოა ყვავილებიც ერიოს. ფოთლის ფორმა მოგრძო-ელიფსურია, ზედაპირი ტყავისებრი. ფოთლების კიდეები გლუვია, რამდენადმე ქვემოთაა ჩახვეული. ფოთლები ზემოდან მუქი-მწვანეა, მბზინავი, ქვემოდან უფრო ღიაა. ღეროები ღია მწვანეა. ნედლეული უსუნოა. რიცხვითი მახასიათებლები მოცემულია ცხრილში:

 

ტენიანობა

უფოთლო ღეროების რაოდენობა

სხვა მცენარეთა მინარევები

მინერალური მინარევები

არაუმეტეს

14%

არაუმეტეს

20%

არაუმეტეს

2%

არაუმეტეს

1%

 

 

III გამოყენება

 

    გველის სუროს ბალახის სამკურნალო თვისებები ცნობილი იყო უძველეს დროში და მას ეხლაც იყენებენ მრავალ ქვეყანაში.მას ახასიათებს ჰიპოტენზიური მოქმედება, აფართოებს ტვინის სისხლძარღვებს.

    გველის სუროს ალკალოიდების ბაზაზე მიღებული და შემუშავებულია შემდეგი პრეპარატები: ვინკაპანი, დევინკანი, კავინტონი და სხვა, რომლებიც გამოიყენება ჰოპერტონიული დაავადებების I და II სტადიაზე, პათოლოგიების დროს, რომლებიც ხასიათდებიან თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმით, აგრეთვე ტვინის ათეროსკლეროზის დროს, ნევროგენული და უეცარი ტაქიკარდიის დროს.

ხალხური მედიცინის რეკომენდაციით გველის სუროს ბალახისაგან ამზადებენ წყლიან გამონაწვლილს შემდეგი წესით:

  •   1 სუფრის კოვზ დაწვრილმანებულ ფოთლებს დაასხამენ 1 ჭიქა წყალს და ნელ ცეცხლზე წამოადუღებენ 20წთ-ით. გაწურავენ და სვამენ დღის განმავლობაში 3-4 პორციად.

 

 

    გამოყენების სხვა სფეროები

    1. დეკორატიული მცენარეა

 

 

ლიტერატურა:

  1. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის   განვითარების საკითხები.       "მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID      resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)

  2. Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health     Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის     მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.

  3. ლალი დათეშიძე. გველის სურო. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით

  4. ლალი დათეშიძე. გველის სურო. "სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი". თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით,     მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program    (United kingdom).

  5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო ედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.

  6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". თბილისი, 2005.  ,,ტექინფორმის" დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

  7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ.,  საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980

  8. ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005

  9. ქსე. . 3, გვ. 140, თბ., 1978

  10. შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983

  11. საქართველოს ფლორა. I -  XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.

სტატიის შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net

 
 სუროს სხვა სახეობები. მასალები სტუდენტთა სკაიპ-სემინარისათვის:

ლინა ერისთავი : ქიმიური შედგენილობა.  ბალახში დადგენილია ინდონური ალკალოიდების ჯამი. მათგან გამოყოფილია 20-ზე მეტი შენაერთი: ვინკამინი (მინორინი), იზოვინკამინი, მინკამინინი. ვინცინინი, რეზერპინი, იზომაიდინი, აქვამიცინი, გარდა ამისა გამოყოფილია ვინკამინორინი და მისი იზომერი ვინკამინორეინი, პერვიცინი, ვინკამიდინი და სხვა. გარდა ალკალოიდებისა ბალახი შეიცავს ფლავნოიდებიდან რობინის, ასევე ლეიკოანთოციანებს, ურსოლის მჟავას.ნედლეული. პატარა გველის სუროს ბალახს ამზადებენ ყვავილობის და ნაყოფიანობის ფაზაში. მცენარე ყვავილობას იწყებს მარტის ბოლო-აპრილის დასაწყისიდან. იმავდროულად ინტენსირურად იზრდება ყლორტები და ფოთლები, რომლებიც მაისის დასასრულისათვის ნორმალურ ზომებს აღწევს. მცენარე განმეორებით ყვავილობს კეთისლსასურველ პირობებში ზაფხულის შუა პირობებში. ჩრდ. კავკასიაში ადგილი აქვს მესამე ყვავილობასაც. ყვავილობის მსგავსად ნაყოფიანობაც გაჭიანურებულია ივლისი-აგვისტო.ნედლეულის სახით ამზადებენ ბალახს, მათ ჭრიან ნამგლით, სეკატორით ან ცელით, ნიადაგიდან 3 სმ. დაშორებით, შემდეგ ასუფთავებენ გაყვითლებული ფოთლები, ყლორტები და სხვა მცენარეების მინარევისაგან. დაუშვებელია დაფესვიანებული, ვეგეტაციური ყლორტების მოწყვეტა ან მცენარის ამოთხრა ფესვებიანად. ასევე დაუშვებელია იმავე ტერიტორიაზე ნედლეულის დამზადება 3 წელზე ადრე. წინააღმდეგ შემთხვევასი ნაზარდები განადგურდება. ბალახს აშრობენ ჰაერზე ან მიმართავენ თერმოშრობას 40-500C.სსტ მოთხოვნით ნედლეული წარმოადგენს ღეროებს ყვავილებით ან მათ გარეშე, ფოტლები პრიალა-ტყავისებრია, მთელკიდიანი, რამდენადმე ქვევით ჩახვეული, სიგრძით 3-5 სმ, სიგანეში 1-3 სმ. ფოთლები ზევიდან მუქი მწვანეა. ქვედა მხრიდან - უფრო ღია ფერის. ღეროები ღია-მწვანეა. სუნი - არა აქვს, გემოს არ უსინჯავენ.ალკალოიდებით მდიდარია გევლის სუროს ყველა სახეობა. საფუძვლიანადაა შესწავლილი თურქმენეთში მოზარდი დიდი გველის სურო - V. major L., უზბეკეთში მოზარდი სწორი გველსი სურო - V. erecta Rgl. et  Schmalh და განსაკუთრებით ტროპიკებში მოზარდი და საქართველოში აკლიმატიზირებული ვარდისფერი გველის სურო, ანუ ვარდისფერი კათარანტუსი - V. rosea L. (syn. Catharanthus roseus G. Don) - ამ სახეობას განვიხილავთ ცალკე. რაც შეეხება საქართველოს ფლორის ორ სახეობას და რომლებიც ზემოთ უკვე დავახასითეთ საქ. მეც. აკად. ფარმაკოქიმიის ისნტიტუტში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ბალახოვანი გველის სუროდან გამოყოფილი და იდენტიფიცირებულია 12 ალკალოიდი. მათგან ახალია - ვინკარინი, ჰერმაბიდი, ჰერბამინი. ცნობილი ალკალოიდების რეზერპინინი, მაიდინი, იზომაიდინი, ტედერსონინი და სხვ. ბუსუსოვან გევლის სუროში ასევე დადგენილი და გამოყოფილი ინდოლური ალკალოიდები მაიდინი, იზომაიდინი, კარაპანაუბინი, მაიორიდინი, ვინკამაინი და ვინკამინი. მედიცინაში გამოყენება.  პატარა გველის სუროს ბალახის ალკალოიდების გასუფთავებული ჯამიდან ამზადებენ პრეპარატ ვინკანორს, ასევე მის საზღვარგარეთულ ანალოგებს - პრეპარატ "ვინკამინს" და "ვინკაპანს" (უნგრეთი, ბულგარეთი). ისინი ამჟღავნებენ სისხლძარღვთა გამაგანიერებელ ჰიპოტენზიურ და ზომიერად სედატიურ მოქმედებას; აუმჯობესებენ ტვინში ჟანგბადის მიწოდებას; იყენებენ ჰიპერტონიის საწყისი ფორმების დროს ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, იშემიური ინსულტის და ნერვოგენული სინუსური ტაქიკარდიის დროა. ალკალოიდი ვინკამინის ნახევარდ სინთეზური ნაწარმია ვინპოცეტინი (კავინტონი), რომელიც შექმნეს უნგრელმა მეცნიერებმა. პრეპარატს ახასითებს მოქმედების უფრო ფართო სპექტრი. ჰომეოპათიაში ხმარობენ ახლადდამზადებულ ბალახს საშვილოსნოდან სისხლდენის და თავის მთლიანი ნაწილის ეგზემის საწინააღმდეგოდ.ადრე ბალახოვანი გველის სუროს ალკალოიდები რეკომენდირებული იყო, როგორც წნევის დამწევი საშუალებები. საქართველოში ჩატარებული გამოკვლევებით მათ დამატებით აღმოაჩნდათ კარგად გამოხატული სიმსივნის საწინააღმდეგო და განსაკუთრებით ლეიკოპიეზი სტიმულაციის ეფექტი, რაც მას ხდის პერსპექტიულ სამკურნალო მცენარედ. 

ბალახოვანი გველის სურო მრავალწლოვანი მცენარეა, ღერო რამდენიმეა, ამათგან ზოგი უნაყოფოა, მაგრამ ყველა მიწაზე გართხმული ან ოდნავ წამოწეული, შიშველი ფოთლები თითქმის მჯდომარეა, ქვედა - კვერცხისებური ან მომრგვალო-კვერცხისებური, ზედა - მოგრძო-ლკანცეტა ფორმის, ფუძესთან გაფართოებული, წვერზე მომრგვალებული ან შევიწროებული შიშველი, კიდეებზე ხაოიანი. ყვავილები - ფოთლის იღლიებში განწობილი, მარტოული, დიდი ზომის. გვირგვინი ლურჯი-იისფერია ან თეთრი, ჯამის ნაკვეთები გვირგვინზე ოდნავ მოკლე, ხაზურ-ლანცეტა, წამახვილებული, იშვიათად კიდე წამწამებიანი. ნაყოფი - ორფოთლურა. აქვს მოკლე ფესურა, რომლისგანაც მრავალრიცხოვანი თასმისებრი ფესვები ვითარდება. მცენარე ყვავილობს IV-V.
           ბუსუსოვანი გველის სუროს ღერო მრავალია, მათგან უნაყოფო ძალიან გრძელი, გართხმული ან აღმავალი; საყვავილე ღერო სწომდგომია, გაფარჩხული ბეწვებით მოფენილი. ფოთლები მოკლეყუნწიანია, კიდეებსა და ორივე მხარეზე ძარღვების გაყოლებით ისეთივე ბეწვებითაა მოფენილი. ფოთლები მოკლეყუნწიანია, კიდეებსა და ორივე მხარეზე ძარღვების გაყოლებით ისეთივე ბეწვებით მიფენილი, კვერცხისებრი ან კვერცხისებრ-ლანცეტა ფორმის, ფუძესთან ხშირად მომრგვალებული, იშვიათად გულისებრი, ბლაგწვერიანი ან წვერისკენ აზიდული. ყვავილები დიდი ზომის ფოთლების იღლიებში განწობილი, მარტოული, გრძელყუნწიანი; ჯამის ნაკვთები ხაზურ-სადგისისებრია, კიდეებზე წამწამებიანი, მახვილწვერიანი. გვირგვინის ფურცლები - უკუკვერცხისებრი ან რომბისებრი, მოლურჯო ან იშვითად თეთრი ფერის. ნაყოფი ორფოთლურა, რომელიც მუცლის ნაწიბურზე იხსნება, მოგრძოა, 2-2,5 სმ სიგრძის. ოდნავ რკალისებრ მოხრილი, თესლი ცილინდრულია, ყავისფერი, დანაოჭებული. მცენარე ყვავილობს III-VIII.
            პირველი სახეობა იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყელში ბუჩქნარებს შორის და მშრალ ფერდობებზე, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში - ქართლში, კახეთში, ქიზიყში; ხშირია თბილისის მიდამოებში - მცხეტა-საგურამოში, ახალდაბაში, შირაქში. საერთო გავრცელების არეალია შუა და სამხ. აღმ ევროპა, მცირე აზია, ირანი, ერაყი. ფართოდაა გავრცელებული უკრაინასა და ჩრდ. კავკასიაში. შებუსვილი გველის სურო ხაროს მთის სუა სარტყელამდე მხოლოდ დას. საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმში,. სამეგრელოში, იმერეთში, აჭარასა და აფხაზეთში, საქართველოს გარეთ კი - ყირიმში.
           გველის სუროს საქართველოში მოზარდი სახეობები ქიმიური და ფარმაკოლოგიური თვალდახედი ღრმადაა გამოკვლეული ფართო მეცნიერთა მიერ. მათგან მოწოდებული რამდენიმე პრაპარატი ჯერჯერობით არაა დანერგილი მედიცინაში. ამისდა მიუხედავად, ამ სახეობების ცნობა ბუნებაში და როგორც ინდოლური ალკალოიდების პოტენციური სამამულო წყაროების ცოდნა აუცილებელია მომავალი სპეციალისტებისათვის.

მასალები სტუდენტთა სკაიპ-სემინარისათვის:

         გულის დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ იმ სამკურნალო მცენარეებს, რომლებიც შეიცავენ საგულე გლიკოზიდებს; სინთეზური გზით მიღებული პრეპარატები ყველაზე ნაკლებ ეფექტური აღმოჩნდა სწორედ გულის დაავადებების სამკურნალოდ. საგულე გლიკოზიდების შემცველი სამკურნალო მცენარეებიდან მნიშვნელოვან ყურადღებას იპყრობს ქენდირისებრთა ოჯახი. ქენდირისებრნი უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ ზონაში. ამ ზონის მცენარეებიდან ფართოდ გამოიყენება სტროფანტის თესლები. სუბტროპიკებში და ზომიერი კლიმატის პირობებში მედიცინაში გამოიყენება იმავე ოჯახიდან ოლეანდრე და ქენდირი, რომლებიც შეიცავენ გულის გლიკოზიდებს.ჩვენი ფლორის ქენდირისებრთა ოჯახიდან ყურადღებას იქცევს გველის სურო.გველის სურო გავრცელებულია ბუჩქნარებში, ტყის პირებში და სტეპებში. სამკურნალოდ გამოიყენება გველის სუროს ფოთლები. მათ აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ფოთლებს კრეფენ ხელით ან ჭრიან მთელ მცენარეს ნამგლით და გაშრობის შემდეგ აცლიან ფოთლებს.
გველის სუროს შემადგენლობაში შედის ალკალოიდები - ვინკამინი, იზოვინკამინი, რეზერპინი, ჰერბადეინი, პუბესცინი და სხვა. აღმოჩენილია გლიკოზიდი ვინკოზიდი, სათრიმლავი ნივთიერებები, ფლავონოიდები (რობინინი), ტრიტერპენი.გველის სუროს ალკალოიდებს, რომელთა ბაზაზეა მიღებული პრეპარატები  - ვინკაპანი, დევინკანი და სხვა. იყენებენ I და II სტადიის ჰიპერტონული დაავადებების, თავის ტვინის ათეროსკლეროზის დროს, აგრეთვე იმ დაავადებების შემთხვევაშიც, რომლებსაც თან ახლავს თავის ტვინის სპაზმები; კარგი თერაპიული ეფექტი შეიმჩნევა ნევროგენული და შეტევის მაგვარი ტაქიკარდიის დროს. მასში შემავალი ალკალოიდი ვინინი მკვეთრად ამცირებს სისხლის წნევას.გველის სუროს სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. მასზე, როგორც სამკურნალო მცენარეზე, წერდნენ ანტიკური ავტორები - პლინიუს უფროსი და დიოსკორიდი. საქართველოში მას იყენებდნენ როგორც შემკვრელ, სისხლისდენის შემაჩერებელ, ჭრილობის შემახორცებელ და სისხლის გასასუფთავებელ საშუალებას.

Vinca erecta Rgl. et Schmalh                                 გველის სურო სწორი

Vinca herbacea Waldst et Kit                                გველის სურო ბალახოვანი

Vinca major L.                                                      გველის სურო დიდი

Vinca pubescens D urv                                          გველის სურო ბუსუსოვანი

Vinca rosea L. (Catharanthus roseus G. Don.)       გველის სურო ვარდისფერი (ვარდისფერი კათარანტუსი)