|
Betonica officinalis L - ბარისპირა
Буквица
лекарственная
–
რუს.
Betony, Wood betony –
ინგ.
Heilziest, Rote Betonie –
გერმ.
Betoine officinale –
ფრანგ.
I ზოგადი ნაწილი
1.1 ზოგადი დახასათება
ბარისპირა მიეკუთვნება
Lamiaceae
-ს ოჯახს. იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი ღერო სწორია,
მარტივი, ოთხწახნაგიანია. ღეროს სიმაღლე 20-60 სმ-ია, ზოგჯერ უფრო
ნაკლები, ზოგჯერ კი 1მ-მდე სიმაღლისაა. ღერო დაფარულია მაგარი
ბუსუსებით. ფესვთანური ფოთლები როზეტადაა შეკრებილი. მათი ფორმა
მოგრძოკვერცხისებურია, ფუძესთან გულისებური; ფოთლების კიდეები
მსხვილადაა დაკბილული. ღეროზე ორი წყვილი ფოთოლია, რომლებიც მოკლე
ყუნწითაა. ყვავილები შეკრებილია ღეროს წვეროზე და წარმოქმნიან
თავთავისებურ ყვავილედს. გვირგვინი ღია წითელია ან მეწამული, იშვიათად
ვარდისფერი ან თეთრი. ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე.
1.2 გავრცელება
ბარისპირა გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, აღმოსავლეთ აზიაში. იგი
იზრდება მინდვრებზე, ბალახოვან ადგილებში, ბუჩქოვანთა შორის
Betonica
officianalis L
სახეობასთან ახლოს მდგომი სახეობაა,
Betonica foliosa
Rupr,
რომელიც ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც
Betonica
officianalis.
იგი გავრცელებულია შუა აზიაში, მთისწინებში 1775-1890 მ-დე ზღვის
დონიდან, უმეტესად ტყეებში, ბუჩქოვნებში.
1.3 ქიმიური შემადგენლობა
სამკურნალო ნედლეულად ითვლება ბალახი, ე.ი. მცენარის მიწისზედა ნაწილი.
იგი შეიცავს ალკალოიდებს, ფლავონოიდებს, ქოლინს, ბეტაინს, ეთერზეთს,
მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს,
C
ვიტამინს, ანთოციანებს.
II კულტივირება
2.1 მოშენება
ბარისპირას მოშენებისთვის უმჯობესია შეირჩეს ღია ან ნახევრადდაჩრდილული
ადგილები, სადაც ნიადაგი ზომიერად ნოტიო იქნება. ბარისპირას გამრავლება
შესაძლებელია თესლით. დათესვიდან 2-3 კვირის შემდეგ ნათესში უკვე
შესამჩნევი გახდება აღმონაცენების რიგი. სიცოცხლის პირველ წელს
მცენარეს უყალიბდება მხოლოდ ფესვთანური ფოთლების როზეტი ფოთლების
დიამეტრი 10-15სმ-ია. მეორე წელს მცენარე ყვავილობს და თესლს იკეთებს.
პლანტაციის მოვლა გულისხმობს ნიადაგის გაფხვიერებას, სარეველებისგან
გაწმენდას და მორწყვას. მოვლის ღონისძიებების სისტემატიურობას
განსაზღვრავს საჭიროება.
2.2 ნედლეულის შეგროვება
ბარისპირა ბალახს აგროვებენ მცენარის ყვავილობის დროს. ამისათვის
გადაჭრიან მცენარის მიწისზედა ნაწილს, ფესვებს კი მიწაში ტოვებენ.
ნედლეულს აგროვებენ მშრალ ამინდში, ცვარის გაშრობის შემდეგ. შეგროვებულ
ნედლეულს ხალვათად ჩააწყობენ ტომრებში.
შეგროვებულ ნედლეულს გადაარჩევენ, მოაშორებენ დაზიანებულ ნაწილებს,
მინარევებს და გაშლიან გასაშრობად. შრობის დროს ბალახს დროდადრო
გადააბრუნებენ. საშრობებში შრობის ტემპერატურა უნდა იყოს 500C.
ჰაერზე შრობისას ნედლეულის შემთხვევითი დასველება შესაძლოა მისი
გაუვარგისების მიზეზი აღმოჩნდეს. შრობა დამთავრებულია როცა ნედლეულის
ღერო მოღუნვისას იმსხვრევა.
ბარისპირას გამშრალი ნედლეული უნდა ინახებოდეს მშრალ,
კარგი ვენტილაციის პირობებში, სინათლიდან მოშორებით.
III გამოყენება
ბარისპირას ბალახს ახასიათებს სპაზმოლიზური, ანთებისსაწინააღმდეგო,
რეგენერაციის უნარის გამაძლიერებელი მოქმედება.
სხვადასხვა ქვეყნის ხალხური მედიცინის გამოცდილებით იგი აძლიერებს
ქსოვილთა რეგენერაციას, ხელს უწყობს მოტეხილობების და ჭრილობების
შეხორცებას. ბარისპირა გამოიყენება შარდის ბუშტის და თირკმელების,
ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებითი პროცესების დროს,
ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ.
ბარისპირას იყენებენ როგორც ამოსახველებელ და სპაზმოლიზურ საშუალებას
ასთმის, ყივანახველას, სასუნთქი გზების დაავადებების დროს, ასევე
კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებების, ფაღარათის დროს. ცნობილია
ბარისპირას მატონიზირებული მოქმედება ნერვულ სისტემაზე, ნერვული
გამოფიტვის, მოთენთილობის დროს.
ჭრილობების, ვარიკოზული წყლულების დროს გარეგანი სახით იყენებენ
ბარისპირას ნედლი ბალახისგან მომზადებულ ფაფის საფენებს.
შიგნით მისაღებად ამზადებენ წყლიან გამონაწვლილს შემდეგნაირად:
1) 2გ ნედლეულს დაასხამენ 200გ მდუღარე წყალს, თავდახურულად
გააჩერებენ ვიდრე არ შეგრილდება, გაწურავენ. მიღებულ სითხეს ღებულობენ
1 სუფრის კოვზით 4-ჯერ დღეში.
2) ნედლი მცენარის წვენს შეურევენ თაფლიან წყალს და ღებულობენ
1 ჩაის კოვზით 3-ჯერ დღეში.
|