მწარე აბზინდა - artemisia absinhtium l.
 
      ლალი დათეშიძე, არჩილ  შენგელია

 

საავტორო უფლებები დაცულია. მასალების გადაბეჭდვისათვის აუცილებელია ავტორთა წერილობითი ნებართვა. ციტირებისას აუცილებელია ავტორთა და წყაროს მითითება

 
 

Полынь горькая  რუს.

Wormwood  ინგ.

Wermut  გერმ.

Absinthe  ფრანგ.

 

1. მცენარეთა გვარი "აბზინდა" 
 

1.1 გვარი ზოგადად


      აბზინდა ანუ ავშანი  (Artemisia), რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეთა გვარია. ამ გვარში 500 -მდე სახეობა შედის. საქართველოში გვხვდება 12 სახეობა.
      ჩვენთვის საინტერესოა მხოლოდ ერთი სახეობა მწარე აბზინდა - Artemisia absinthium L.. ეს სახეობა ხშირად ეშლებათ სხვა სახეობებში:
     -  ავშანი - Artemisiafragrans Willd., გავრცელებულია აღმ. საქართველოს ველებსა და ნახევრად
         უდაბნოებში;
     -  გიეში - Artemisia caucasica Willd - დეკორატიული
     -  მამულა - Artemisia vulgaris
     -   სამწვანე - Artemisia scoparia Wald et Kit
     -  უჯანგარი -  Artemisia annua L.
     -  ხოროსანი Artemisia cina
      ოფიცინალურია მხოლოდ მწარე აბზინდა. ჩვენ ქვემოთ, თუ საპირისპირო არაა ნათქვამი, საუბარი გვაქვს მხოლოდ  მწარე აბზინდაზე  - Artemisia absinthium L.

 

 

 

1.2, მამულა

        მამულა არაა ოფიცინალური სახეობა.  
      
მწარე აბზინდასთან ყველაზე ახლოა  მამულა - Artemisia vulgaris L.., ფართოდ არის გავრცელებული საქართველოს თითქმის ყველა რაიონში - ბარიდან სუბალპურ სარტყლამდე, ძირითადად დანაგვიანებულ კარმიდამოებში, ბუჩქნარებში, ბოსტნებში და ა.შ. სარეველაა. მამულა მწარე აბზინდაზე დიდი მცენარეა, 150 სმ-მდე  სიმაღლის. ფოთლები შებუსულია, ზევიდან მწვანე, ქვედა მხრიდან ნაცრისფერი. კალათები ზარისებრია და გვერდით ტოტაკებზე განწყობილი., მამულაც , აგვისტო-სექტემბერში ყვავილობს. [9]-ეს მიხედვით. მამულაში ,,ეთეროვანი ზეთი 0,5%, ხოლო ძირითადი კომპონენტებია α-ტუიონი, ცინეოლი, პინენი, კამფენი, ბორნეოლი. ასევე ტაურემიზინი, ტუიოლაცეტატი, ტუიოლიზოვალერიანატი და სხვა. ბიოლოგიურად აქტიური სხვა შენაერთებიც იგივეა, მხოლოდ დომინირებს: კუმარინები: სკოპოლეტინი, უმბელიფერონი, ესკულინი, ესკულეტინი, ფლავონოიდები (ქვერციტინის და იზორამნეტინის გლიკოზიდები, ასევე რუტინი), ხალკონები იზოპრენოიდული რადიკალით (კორდოინი, იზოკორდოინი)".
      მამულას, ის გამოიყენება იგივე დანიშნულებით, რაც აბზინდა. მას ძირითადად ჰომეოპათია იყენებს.

 

 

1.3 უჯანგარი

 

        ,,უკანასკნელ ხანებში მეცნიერთა დიდი ყურადღება მიიქცია უჯანგარმა, რომლისგანაც გამოყოფილ პეროქსიდული ტიპის სესქვიტერპენულ ლაქტონ არტემიზინინს აღმოაჩნდა კარგად გამოხატული მალარიის საწინაარმდეგო მოქმედება." [9]

 

 

2. ზოგადი ნაწილი

 

         ქვემოთ,  ყველგან საუბარია მხოლოდ ოფიცინალურ სახეობაზე  მწარე აბზინდა - Artemisia absinthium L.                                              

2. 1. ზოგადი დახასიათება 
 

     მწარე აბზინდა - Artemisia absinthium L. მიეკუთვნება  რთულყვავილოვანთა - Asteraceae (Compositae) ოჯახს.


      

 

      იგი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. მისი სიმაღლე 50-100 სმ-მდეა, კარგ პირობებში მცენარის სიმაღლე 2 მეტრამდე აღწევს.
      
აბზინდას  ნიადაგში ვერტიკალურად ჩამავალი მთავარღერძა ფესვთა სისტემა აქვს.მისი ფესურა მრავალფეროვანია, მოკლე, ვერტიკალური და გამერქნიანებული. ფესვის ყელთან პირველივე წელს ამოდიან დამატებითი კვირტები, რომლებიც შემდეგ წელს ყლორტებს ამოიყრიან.
       მცენარის მიწისზედა ნაწილი ნაცრისფერ-ვერცხლისფერია; აბზინდას ასეთი შეფერვა გამოწვეულია ხშირი ბუსუსიანობით.
    ღეროები მრავალრიცხოვანია, უმეტესად სწორი. ღერო წიბოებიანია, ზედა ნაწილში დატოტიანებული და შეფოთლილი.
.ღეროს ქვედა ნაწილში ხშირად უნაყოფო, მოკლე ყლორტები აქვს.
       აბზინდას ფესვთანური ფოთლები როზეტადაა ან მოკლე ყლორტებზეა, რომელიც ყვავილს არ იკეთებს. ეს ფოთლები მცენარის ყვევილობისას ჭკნებიან. როზეტისა და ღეროს ქვედა ფოთლები ყუნწიანია. მათი სიგრძე 20 სმმდეა. ფოთლები მოყვენილობით ფართო-კვერცხისებრი ან მომრგვალო-სამკუთხაა, ორ ან სამფრთა განკვეთილი. ფოთლის ნაწილები ლანცეტისებრ-მოგრძოა, ოდნავ წაწვეტებული, კიდემთლიანი. ან ნაწილების სიგანე 1-5 მმ-ია. ღეროს ფოთლები ყუნწიანია, მორიგეობითი. წვეროს ფოთლები მჯდომარეა, მთლიანი ან სამად გაყოფილი. ყვავილები მილისებურია, მოყვითალო.
     ყვავილედი კალათაა, რომლის დიამეტრი 4 მმ-ია.
კალათები თავის მხრივ, ქმნიან რთულ საგველა ყვავილედს. ყვავილსაფარის გარეთა ფოთლები ხაზისებურია, შინაგანი კი - ელიფსური. ყვავილსაჯდომი ამოზნექილია და შებუსულია. საყვავილე კალათები შეკრებილია საგველად. ყვავილსაფარი მოფენილია ბეწვებით, ყვავილები კი შიშველია. ყვავილები წვრილია, ყვითელი ფერის, მილისებრი, შეკრებილი სფეროსებრ, თავდაქინდრულ კალათებად.

     ნაყოფი წვრილი, თესლაკებია, უჩაჩო.

    თესლები (თესლურა წვრილი, მოგრძოა, კონუსისებრი, ოდნავ შეზნექილი, წვერში შევიწროებული, ბლაგვი ფუძით., ზედაპირი ღია წაბლისფერია, გლუვი დანაოჭებული თესლების ზომა 0,8-1,0 X, 0,2-0,4 X 0,2-0,4; აბსოლუტური წონა  0,1 გრამია.

     აბზინდა ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.

 

 

2. 2. გავრცელება
 

   აბზინდა გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთ აზიასა და აფრიკაში.ავრცელებულია  საქართველოში, აზერბაიჯანში და სომხეთში. სომხეთი საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთი წარმატებული მიმწოდებელია.
     იზრდება რიყეებზე, რუდელარულ ადგილებში, საცხოვრებელი ბინების მახლობლად, გზისპირებზე. იგი გვხვდება ზღვის დაბალი დონიდან დაწყებული 1600 მ-მდე.

  საქართველოში იგი გავრცელებულია ქართლში, მთიულეთსი, თუშ-ფშავ-ხევსურეთში, თრიალეთში, ჯავახეთში, მესხეთში.

 

 

 

2. 3. ქიმიური შედგენილობა
 

       აბზინდას  ნედლეულია:
       ა)
აბზინდას ბალახი - Herba absinthii
       ბ)
აბზინდას ფოთოლი - Folium Absinthii

   აბზინდა შეიცავს 0,5-2% ეთერზეთს. ამ ეთერზეთის მთავარი შემადგენელია ტუიოლი (10-25%), α- და β-ტიუონი (10%), პინენი, კადინენი. იგი შეიცავს თავისუფალ ტუილის სპირტს და ეთერს.
     აბზინდა აგრეთვე შეიცავს:
სესქვიტერპენულ ლაქტონებს: აბზინთინი, ანაბზინთინი, არტაბზინი და სხვ. გერმაკრანის ნაწარმ კეტონებ - ე.წ. კეტოპელენოიდებ A და B, ოქსიპელენოიდ, ასევე კუმარინებს - უმბელიფერონსა და სკოპოლეტინ, ფენოლკარბონის მჟავებ, ალკალოიდებ, მთრთილავ ნივთიერებებ, ფლავონოიდებ, ცვილ, კაროტინოიდები და ვიტამინი C. [9]

ნახატი - ფორმულები აღებულია [9]-დან

 

 

2. 4. გამრავლება

 

      აბზინდა ნიადაგისადმი განსაკუთრებული მომთხოვნი არ არის. მისი კულტივირება შეიძლება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე, გარდა მძიმე ნიადაგებისა.

     კულტივირებისთვის შერჩეულ ნაკვეთს შემოდგომით ხნავენ 25-27 სმ სიღრმეზე.

 

    აბზინდას კულტურისათვის საუკეთესო წინამორბედია გამოყიერებული სათოხნი და ბოსტნეული კულტურები.

  სასუქების შეტანა შესაძლებელია მოხვნის დროსაც. სასუქების შეტანის ნორმაა 30-40 ტ 1 ჰა-ზე.

  ორგანული სასუქების შეტანა შესაძლებელია მინერალურ სასუქებთან ერთადაც. ამ შემთხვევაში შესატანი ორგანული სასუქის რაოდენობაა 15-20 ტონა, მინერალური (აზოტოვანი, ფოსფოროვანი, კალიუმიანი) - თითოეული 35-40 კგ-ის რაოდენობით 1 ჰა-ზე.

  აბზინდას გამრავლება შესაძლებელია როგორც თესლით, ასევე ვეგეტატიურად - ფესურით.

 

  აბზინდას წარმოებისათვის გამართლებულია თესლით გამრავლება. დათესვა შესაძლებელია გაზაფხულზე, ზაფხულზე და შემოდგომაზე. საგაზაფხულო დათესვისათვის საჭიროა თესლების წინასწარი სტრატიფიკაცია.

  ჩათესვის სიღრმე უნდა იყოს 1-1,5 სმ.

  სტრატიფიკაციისათვის თესლს დათესვამდე 10-14 დღით ადრე ათავსებენ ნოტიო სილაზე და აჩერებენ 2-30 გრადუს  ტემპერატურაზე. სტრატიფიკაცია აუმჯობესებს თესლის აღმოცენების უნარს და ამცირებს აღმოცენების პერიოდს.

  დათესვა ხდება მწკრივებში. რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 50-60 სმ, მწკრივებში მცენარეთა შორის კი 25-35 სმ.

   სტრატიფიცირებული თესლით დათესვის ნორმაა 1 ჰა-ზე 4-4,5 კგ, მშრალი თესლით კი 6-6,5 კგ.

 

 

2. 5. მოვლა

 

   კულტურის მოვლა საჭიროა აღმონაცენის გამოჩენისთანავე, სანამ რიგები გამოიკვეთებოდეს. ნიადაგის კულტივაცია შესაძლებელია ისე, რომ ნათესი რიგის ორივე მხარეს დაუმუშავებელი დარჩეს 8-10 სმ სიგანის მონაკვეთი, რომელიც შემდგომში ხელით დამუშავდება. რიგებში მცენარეთა ჩითილების გამოკვეთის შემდეგ შესაძლებელია მათი გამოხშირვა ისე, რომ მწკრივში მცენარეთა შორის მანძილი 25-35 სმ იყოს. სარეველების მოშორების და გაფხვიერების ჩატარების სიხშირე დამოკიდებულია ნაკვეთის მდგომარეობაზე.

   საესლე ნაკვეთის მოვლა არ განსხვავდება იმ ნაკვეთის მოვლისაგან, რომელიც ნედლეულის მისაღებად არის გამიზნული.

 

 

 

2.6. ნედლეულის აღება

      აბზინდას  ნედლეულია:
      ა)
აბზინდას ბალახი - Herba absinthii
      ბ)
აბზინდას ფოთოლი - Folium Absinthii

    

     ბალახის დამზადება ხდება ყვავილობის დროს, დაახლოებით ივნის-აგვისტოში. ბალახს ჭრიან ნამგლით ან დანით. მოჭრილი ყლორტების სიგრძე უნდა იყოს 20-25 სმ და არ უნდა ერიოს ღეროს უხეში ნაწილი. დაგვიანებით შეგროვებული ნედლეული შრობისას მუქ რუხ ფერს ღებულობს, ხოლო კალათები მურა ფერს იძენენ და იფშვნებიან. აბზინდას ბალახის შეგროვებას იწყებენ მვენარის ყვავილობისას და შეგროვება შესაძლებელია 10-15 დღის მანძილზე.. ნედლეულს აშრობენ სწრაფად  დაუშვებელია 40 C-ზე მაღალი ტემპერატურა.

 

   

     აბზინდას მეორე ნედლეულს - ფოთოლს ამზადებენ ყვავილობამდე, ივნილ-ივლისში ფესვთანურ და ღეროს ფოთლებს აგროვებენ ხელით. შეგროვებულ ნედლეულს აწყობენ კალათებში ან ტომრებში და დაუყოვნებლივ გადააქვთ შრობის ადგილას. ნედლეულს აშრობენ სხვენზე, თაორებზე ან ჩრდილში. გასაშრობად გაშლილი ფოთლების ფენის სისქე 3-5 სმ-ს არ უნდა აღემატებოდეს და პერიოდულად უნდა გადატრიალდეს.
     კარგ ამინდში ბალახის შრობას სჭირდება 5-7 დღე, ხოლო ფოთლისას 3-5 დღე. ხელოვნური შრობისას დასაშვების შრობის ტემპერატურაა 40C. შრობა დამთავრებულია, როცა ნედლეული მსხვრევადი გახდება. მშრალი ნედლეულის გამოსავლიანობა შეადგენს ნედლი მასის 24-25%-ს.

     ბალახის ნედლეულის სტანდარტული რიცხვითი მაახსიათებელი შემდეგია:

 

ნედლეულის ტიპი

ტენიანობა

საერთო ნაცარი

10% მარილჟავაში უხსნადი ნაცარი

70% სპირტით გამოწვლილული ექსტრატ ნივთიერებები

გამოქემული ნაწილები

3 მმ-ზე მეტი დიამეტრის ღეროები

3 მმ დიამეტრი ან საცერში გამავალინაწილები

ფოთოლი

არაუმეტეს 13%

არაუმეტეს 13%

არაუმეტეს 4%

არანაკლებ 25%

არაუმეტეს 3%

არაუმეტეს 3%

არაუმეტეს 3%

ბალახი

არაუმეტეს 13%

არაუმეტეს 13%

არაუმეტეს 3%

არანაკლებ 20%

არაუმეტეს 3%

არაუმეტეს 3%

არაუმეტეს 5%

 

   კარგი მოვლის პირობებში 1 ჰა-დან შესაძლებელია 8-10 ცენტნერი ფოთლის მოსავლის მიღება, სათესლე ნაკვეთებიდან კი 100-150 კგ თესლის.

     მშრალ ნედლეულს ფუთავენ 30 კგ-იან ტომრებში ან 50 კგ-იან ფუთებში. ინახავენ მშრალ,  კარგი ვენტილაციის პირობებში.

     ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

 

 

III. გამოყენება

3.1 გამოყენება ოფიცინალურ მედიცინაში
 

      აბზინდას ცნობს მრავალი ქვეყნის ფარმაკოპეა, მათ შორის - ბრიტანული. დადასტურებულია, რომ იგი ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. გამოიყენება  ნაღვლისდამდენად. პანკრეასის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის, უჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს.

      ამზადებენ მწარე ნაყენს, სითხოვან ექსტრაქტს, გამონაცემს.

 

 

3.2  გამოყენება ემპირიულ მედიცინაში

 

   აბზინდა აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოტორიკას. მისი პრეპარატები გამოიყენება დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების დროს. მათი გამოყენება ნაჩვენებია უმადობის დროს, რომელიც მძიმე დაავადებების გადატანის შემდეგ აღინიშნება. მცენარეს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება. აბზინდას ბალახს ხალხური მედიცინა იყენებს სხვადასხვა ნაკრებების შემადგენლობაში, რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის ატონიის, გასტრიტის, უმადობის, ანემიის, ასკარიდოზის დროს.

   აბზინდას სპრტოვანი ნაყენის მომზადება შეიძლება შემდეგნაირად:

   10 აბზინდას გამხმარ ნედლეულს დაასხამენ 70%-იან 50 სპირტს. დააყენებენ ორი კვირის განმავლობაში.

   აბზინდას წყლიანი გამონაწვლილის მომზადება შემდეგნაირად შეიძლება:

   1 ჩაის კოვზ დაწვრილმანებულ ნედლეულს დაასხამენ 2 ჭიქა მდუღარეს, დააყოვნებენ 20 წუთით, გაწურავენ, მიღებული გამონაწვლილის ხმარება რეკომენდირებულია 1/2 ჭიქით სამჯერ დღეში ჭამამდე 30 წთ-ით ადრე.

   აბზინდას გამონაწვლილების იხმარება როგორც მადის აღმძვრელი, საჭმლის მასტიმულირებელი საშუალება, მეტეორიზმის დროს, პირიდან ცუდი სუნის დროს.
    
,,იადიგარ დაუდი" იცნობს და სამკურნალოდ ცნობს: აბზინდას ბალახს, აბზინდას ბალახის შარბათს, აბზინდას ყვავილის ზეთს (ერბოს), აბზინდას ესლს, აბზინდას ფესვს და აბზინდას ნაცარს (!).

 

 

 3.3 გამოყენების სხვა სფეროები

 

   აბზინდა არის პოპულარული სასმელის აბსენტის ერთ - ერთი კომპონენტი. უნდა აღინიშნოს, რომ თვით აბსენტის უვნებლობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.

 

 

სტატიის შემდგომი ვერსია იხ. www.medgeo.net

 

   ლიტერატურა:

  1. ლალი დათეშიძე . საქართველოში სამედიცინო მცენარეთა წარმოების ინფრასტრუქტურის   განვითარების საკითხები.       "მეცნიერება:. თბილისი.2000 წ. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსები. მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID      resources) together with GEPA, BESO (British Executive Service Overseas) - TACIS program (United kingdom)

  2. Lali Dateshidze and co - authors. WHO Global Atlas of Traditional, Complementary and Alternative Medicine. World Health     Organization, Centre for Health Development, Kobe, Japan. მხარდაჭერა: ბრიტანეთის საბჭოები, ოქსფორდის უნივერსიტეტის     მცენარეთა მეცნიერების დეპარტამენტი.

  3. ლალი დათეშიძე. აბზინდა. თერჯოლა 1997. ევრაზიის ფონდის გრანტი,USAID - ის რესურსებით

  4. ლალი დათეშიძე. სამკურნალო გულყვითელა. "სამკურნალო მცენარეთა ინსტიტუტი". თბ., 2000წ. ევრაზიის ფონდი..USAID - ის რესურსებით,     მხარდაჭერა: ACDI  - VOCA (USAID resources) together with GEPA, BESO(British Executive Service Overseas) - TACIS program    (United kingdom).

  5. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". მეორე დეპო - გამოცემა. ჟურნალი ,,ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა". N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა,  ტყეშელაშვილი ბესარიონ.

  6. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. ,,ქართული სამედიცინო ენციკლოპედია". თბილისი, 2005.  ,,ტექინფორმის" დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.

  7. ხიდაშელი შ., პაპუნიძე ვ.,  საქართველოს ტყის სამკურნალო მცენარეები. ბათუმი. 1980

  8. Губанов И. А., Куваев В. Б., Шретер А. И. Экспедиционная деятельность Всесоюзного института лекарственных растений. - В кн.: Ресурсы дикорастущих лекарственных растений. Вып. 2. М., Изд. Всес. науч.-исслед. ин-та лек. растений, 1972.

  9. ლინა ერისთავი. "ფარმაკოგნოზია". თბ., 2005

  10. ქსე

  11. Поляков П. П. Полынь - Artemisia L. - В кн.: Флора СССР. Т. 26. М.- Л., Изд-во АН СССР, 1961.

  12. შენგელია ზურაბ.სამკურნალო მცენარეთა კულტურა საქართველოში - თბ.: საბჭ. საქართველო, 1983

  13. საქართველოს ფლორა. I -  XI ტომი. თბილისი. 1971 - 1987 წ.

  14. Гусынин И. А. Токсикология ядовитых растений. Изд. 3-е. М., Сельхозгиз, 1955

  15. Минатуллаев Н. А. Систематико-экологическая характеристика полыней Дагестана. - ,,Тр. Дагест. пед. ин-та", 1969, вып. 4.

  16. Мiнатуллаев Н. А. Новi види полытв Дагестану. - ,,Укр. бот. журн."., 1965, т. 22, № 3.

 

 

მასალები სტუდენტთა სკაიპ-სემინარზე განსახილველად

აბზინდა ყვავილობს ივნის-აგვისტოში, თესლი კი სექტემბერ-ოქტომბერში შემოდის.
იზრდება გზის პირებზე, საძოვრებზე, ბაღებსა და მინდვრებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.
აგროვებენ აბზინდას ფოთლებსა და აყვავებულ წვეროებს, ყვავილობის დაწყებამდე ან ყვავილობის დასაწყისში: აყვავებულ ნორჩ წვეროებს (გაუხეშებული ღეროების გარეშე) ჭრიან დანით. აშრობენ ჩრდილში (სხვენზე, ფარდულში) კარგი ვენტილაციის პირობებში ქაღალდზე თხელ ფენად გაშლილს, ხშირად აბრუნებენ. გამხმარი ნედლეულის შენახვა უმჯობესია ქაღალდის პარკებში; შენახვის ვადა 2 წელია.
აბზინდას
ნედლეული შეიცავს ეთერზეთს 2%-მდე, რომლის შემადგენლობაში შედის ტუიოლი, ტუიონი, პინენი, კადინენი, ფელანდრენი და სხვა.
გარდა აღნიშნულისა, აბზინდას ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, ლაქტონებს. მწარე ნივთიერებები ანაბზინტინი და აბზინთინი განაპირობებენ მის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.
ჯერ კიდევ ავიცენა აბზინდას ხმარობდა როგორც მადის მომგვრელ საშუალებას, ხოლო სალერნოს სკოლაში მას იყენებდნენ ზღვის ავადმყოფობის დროს. ხალხურ მედიცინაში
აბზინდას
იყენებენ გაზების დაგროვების საწინააღმდეგოდ, ჭიების დასაყრელად, სისხლნაკლებობის დროს. მისი ნაყენი კარგი საშუალებაა პირის ღრუში გამოსავლებად არასასიამოვნო სუნის დროს.
მედიცინაში აბზინდის პრეპარატებს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების სტიმულირებისათვის, ნაღვლის, კუჭქვეშა ჯირკვლისა და კუჭის წვენის სეკრეციის გასაძლიერებლად.
უნდა გახსოვდეთ, რომ აბზინდას ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენება არ შეიძლება, რადგან იწვევს პირღებინებას, მოწამვლას.
მომზადების წესი

აბზინდას
ნაყენის მოსამზადებლად აიღეთ 10 გრ (ორი სუფრის კოვზი) გამხმარი ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე და მოათავსეთ მდუღარე წყლის აბაზანაში, ადუღეთ 15 წთ, შემდეგ გააჩერეთ 45 წთ, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (1 ჩაის ჭიქა). შეინახეთ გრილ ადგილას არა უმეტეს 2-3- დღე-ღამისა. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე.
მრგვალი ჭიების დასაყრელად იკეთებენ აბზინდას ნაყენის ოყნას.
შესაძლებელია აბზინდას ჩაის მომზადებაც: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ აბზინდას დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 20 წთ, გადაწურეთ, მიიღეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ნახევარი საათით ადრე ჭამის წინ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ აბზინდას ნახარშის ორთქლი აყუჩებს ყურის ტკივილს, ხოლო მისი დალევა ღვინის სმის წინ აუმჯობესებს ორგანიზმის საერთო მდგომარეობას, ნაბახუსევზე, იგი კარგ შედეგს იძლევა თვალების ანთების დროსაც. ღვიძლზე, კუჭზე გაკეთებული აბზინდის საფენების დადება ამცირებს ტკივილს ამ ორგანოებზე, ხოლო მისი წვენი ძმართან ერთად შველის სოკოთი და კონიოთი მოწამვლის შემთხვევაში.