საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები

 

მიწისქვეშა წყლები

საქართველოს მინერალურ სიმდიდრეთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მიწისქვეშა წყლებს. მათ რესურსებზე საგრძნობლად არის დამოკიდებული რესპუბლიკის მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარება, აგრთვე დასახლებული პუნქტების წყალმომარაგება. მინერალური წყლების ბაზაზე მუშაობენ ჩამოსასხმელი ქარხნები, ფუნქციონირებენ მრავალრიცხოვანი კურორტები. საქართველოს წიაღი მდიდარია თერმული წყლებით, რომლბსაც იყენებენ სასოფლო-სამეურნეო და კომუნალური ობიექტების ცხელი წყლით მოსამარაგებლად, ბალნეოლოგიაში; პერსპექტიულია ისინი ენერგეტიკული თვალსაზრისითაც.

საქართველოს რთული გეოლოგიური აგებულება განაპირობებს რესპუბლიკის ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიურ რეჟიმს. ზოგადად იგი დამოკიდებულია ტერიტორიის გეოტექტონიკურ აგებულებაზე, მაგალითად საქართველოს ბელტზე გავრცელებულია არტეზიული ავზები, ნაოჭა მხარეებში კი - წყალწნევიანი სისტემები. ტერიტორიების ამგები ქანები მრავალფეროვნება განაპირობებს მიწისქვეშა წყლების ქიმიურ მრავალფეროვნებას. გეოლოგიურ-სტრუქტურული და ჰიდროდინამიკური პრინციპების მიხედვით საქართველოს ტერიტორია დაყოფილია 5 ჰიდროგეოლოგიურ ოლქად, რომლებიც ძირითადად თანხვდება გეოტექტონიკურ ერთეულებს. ზოგადი ჰიდროდინამიკური ზონალურობა საქართველოს გეოლოგიურ პირობებში დარღვეულია ინვერსიით - აქტიური ცირკულაციის ქვედა ზონის არსებობით; შესაბამისად დარღვეულია ვერტიკალური ჰიდროდინამიკური ზონალურობაც, რაც განსაკუთრებით ნათლად ჩანს საქართველოს ბელტის დაძირვის დასავლეთ ზონაში, სადაც ზედაცარცული ასაკის ქანების მეთანიან ქლორიდულ მინერალურ წყლებს ქვეშ, ქვედაცარცული ასაკის ქანებში, ცირკულირებენ აზოტიანი მტკნარი თერმული წყლები. ზოგადი სქემა ირღვევა წყალწნევიან სისტემებშიც, სადაც დიდი წყალგამტარი რღვევების გამო ხდება სხვადასხვა ჰიდროდინამიკური ზონის წყლების შერევა.

საქართველო მდიდარია მტკნარი მიწისქვეშა წყლების რესურსებით. ისინი არიან ყველა გეოლოგიურ ფორმაციაში და უკავიათ, როგორც წესი, სულ ზედა სტრუქტურული სართული. მტკნარი მიწისქვეშა წყლების ჯამური ბუნებრივი დებიტი შეადგენს 560 მ3/წმ (რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოსული ნალექების 20%). მათი განაწილება ძლიერ არათანაბარია. განაწილების ზოგადი კანონზომიერება ასეთია: იზრდება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ჰიფსომეტრიული დონის ზრდასთან ერთად. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე სტრუქტურულ-ლითოლოგიურ ფაქტორს, რომელიც გავლენას ახდენს ქანების წყალგამტარიანობაზე. ყველაზე პროდუქტიულია თანამედროვე, მეოთხეული და პლიოცენური ასაკის ალუვიური და დელუვიურ-პროლუვიური წარმონაქმნები, ლავური განფენები და უმეტესი მეოთხეულამდელი ქანების ზედა ნაპრალოვანი ზონა. ღრმად განლაგებული ჰორიზონტები განვითარებულია ზედაიურულ და ქვედა-, ადგილ-ადგილ კი ზედაცარცული ასაკის კირქვებში. მტკნარი წყლის ქვედა საზღვარზე აღინიშნება კავკასიონის სამხრეთ ფერდზე 1000 მ სიღრმეზე, ხოლო საქართველოს ბელტის ზოგიერთ ნაწილში ჰიდროდინამიკური ინვერსიის გამო იგი 3000 მ აღწევს.

სახალხო მეურნეობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფოროვანი ცირკულაციის მტკნარი წყლების არტეზიულ აუზებს, რომლებიც განვითარებულია მეოთხეულ და პლიოცენურ ნალექებში. არტერიულ აუზებს იყენებენ არა მარტო სსმელი წყალმომარაგებისათვის, არამედ ფართო მასშტაბით სარწყავადაც (მაგალითად, ალაზნის ველის ვენახებისათვის). მათ განეკუთვნება ალაზნის, იორ-შირაქის, მარნეულ-გარდაბნის, კოლხეთის და სხვა აუზები.

დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება საქართველოს მინერალური წყლები. კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემის ფარგლებში მინერალური წყლების გამოსავლები ძირითადად ტექტონიკურ რღვევებთან არის დაკავშირებული. ქიმიურად ისინი შემდეგი ტიპისაა: ნახშირორჟანგიანი კალციუმიანი ჰიდროკარბინატული, კალციუმიანი ჰიდროკარბონატული, კალციუმიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული, ნატრიუმ-კალციუმიანი ჰიდროკარბონატული, აგრეთვე კალციუმიანი ქლორიდული და ქლორიდულ-სულფატური. ამ რეგიონის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია: ,,ავადჰარა“, ,,ბაგიათი“, ,,ვაჟას წყარო:“, ,,ლუგელა“, ,,სქური“, ,,უწერა“ და ,,ყაზბეგი“. აგრეთვე ტყვარჩელის და სხვა საბადოთა თერმული წყლები. საქართველოს ბელტზე მინერალურ წყალთა ბუნებრივი გამოსავალი დედამიწის ზედაპირზე მცირე რაოდენობითაა ცნობილი; წყლების დიდი ნაწილი გამოვლენილია ჭაბურღილების საშუალებით. ქიმიური შედგენილობის მხრივ არის: ნატრიუმიანი ქლორიდული, ნატრიუმ-კალციუმიანი სულფატურ-ქლორიდული, ნატრიუმიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული და სხვა. ამ რეგიონის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია მენჯის, ცაიშის და სხვ., განსაკუთრებით კი წყალტუბოს სამკურნალო წყლები. საქართველოს ბელტისა და კავკასიონის სამხრეთი ფერდის ნაოჭა სისტემის შეხების ზოლში აღსანიშნავია ჯავის მინერალური წყლის საბადო (იხ. ,,ძაუ“). საქართველოს ბელტის ფარგლებში გამოვლენილია სამკურნალო ტალახის - ახტალის საბადო. საქართველოს მინერალური წყლების რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილია თავმოყრილია აჭარა-თრიალეთის ნაოჭა სისტემის ფარგლებში. სისტემის ცენტრალური ნაწილისათვის დამახასიათებელია კალციუმ-ნატრიუმიანი (ნატრიუმ-კალციუმიანი) ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული წყლები. წყლების ძირითადი აირია ნახშირორჟანგი. ამ რეგიონის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია: ,,ბორჯომი“, ,,ნაბეღლავი“, ,,საირმე“. სისტემის პერიფერიულ ნაწილში გამოვლენილია სულფატური, ქლორიდული, ზოგჯერ შერეული ტიპის, სხვადასხვა აირის შემცველი მინერალური წყლები - ,,ზვარე“, თბილისის სამკურნალო წყალი, ნუნისისა და მახინჯაურის სამკურნალო წყლები და სხვ. ართვინ-ბოლნისის ბელტის მინერალურ წყალთაგან აღსანიშნავია ვარძია-ნაქალაქევის ნახშირორჟანფიანი ნატრიუმიანი ჰიდროკარბონატულ-ქლორიდული და ბოლნისის ნახშირორჟანგიანი მაგნიუმიანი ჰიდროკარბონატულ-სულფატური წყლები. არის ვარძია-ნაქალაქევის საბადოზე და ახალციხის ჭაბურღილებიდან მიღებული ნახშირორჟანგის სამრეწველო გამოყენების რეალური პერსპექტივები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მინერალურ წყლებში, მათ შორის ნავთობიანი რაიონების მინერალურ წყლებში, ზოგიერთი იშვიათი ელემენტის მოპოვებას.(ქსე.1991 წ.)გ. ბუაჩიძე

ლიტ.:

   
 
   

რუკები:  პალეოგრაფიული, მიოცენი   /   ტექტონიკა   /   ტექტონიკა   /   თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები   /   სპელეოლოგიური   /   პალეოგრაფია, მყინვარები    /   გეოლოგიური ასაკი   /   ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება   /   ნიადაგები   /   კულტურები

გადასვლები:   ფარმაცია  / ბუნება და ბუნებრივი რესურსები ტექნოლოგიები  /  ეკოლოგია / მედიცინა /   ბიზნესის დაგეგმვა ,მართვა, საინფორმაციო თანხლება / ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო  პროექტები

ბმულები:

საიტი მოამზადა ვასილ შენგელიამ. 2008 წ. აგვისტო. ამ საიტის შემდგომი სრულყოფა გათვალისწინებულია სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში. საბაზო ტექტური მასალა აღებულია ქსე-დან, იგი 1991 წელსაა გამოცემული  და ტექსტებიც სპეციფიურია .სურათები  აღებულია  ინტერნეტში თავისუფალი გავრცელების საიტებიდან google- ნახატების საძიებო სისტემით. თუ შემთხვევით დაირღვა თქვენი საავტორო უფლებები, გთხოვთ გვაცნობოთ ელფოსტაზე mpi@gol.ge და შეცდომას გავასწორეთ.რუკების ნაწილი აღებულია 1964 წელს მოსკოვში გამოცემული "საქართველოს სსრ ატლასიდან". ჯერჯერობით მათი გაქართულება ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. სამუშაოები მიმდინარეობს .

ლიტერატურა: 1. ქსე 2. საქართველოს სსრ ატლასი.1964