საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები

 
     ბ. მთის ლანშაფტები: 7. ნოტიო, კოლხური ტიპის მთა-ტყის ლანდშაფტები გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში ნეოგენიდან დაწყებული პალეოზოური ასაკით დამთავრებული, სხვადასხვა ლითოლოგიური შედგენილობის ნაოჭა ქედებისა და მასივების (კავკასიონის სამხრეთი კალთა, მესხეთის ქედის ჩრდილო, სამხრეთი და დასავლეთი კალთა, შავშეთისა და ლიხის ქედების კალთები) ძლიერ დახრლ-დანაწევრებულ ნაირგვარი ექსპოზიციის კალთებზე, დაახლოებით 300-400 მეტრიდან 1800-1900 მეტრ სიმაღლემდე. ლანდშაფტისათვის დამახასიათებელია ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქში მდებარეობა, ჭარბი დატენიანება (დანესტიანების ხარისხი 2.5-ზე მეტი), მდინარეთა დიდი საშუალო წლიური ჩამონადენი (50-100 ლ/წმ კმ2), მთსწინეთში წითელმიწა და ყვითელმიწა ნიადაგების განვითარება და, რაც ყველაზე მეტად ნიშანდობლივია, კოლხური ტიპის ტყეები ყველა სარტყელში დამახასიათებელი მარადმწვანე ქვეტყით. ლანდშაფტის ტიპი შექმნილია სამიღლებრივი სიმაღლებრივი ლანდშაფტური ზონალურობის გარკვეული სპექტრით: ა) ბორცვიან-სერებიან-ტერასული მთისწინეთი, კოლხური მცენარეულობით წითელმიწა, ყვითელმიწა და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე (400-500 მეტრამდე), ბ) დაბალი მთები მუხნარ-რცხილნარითა და წაბლნარით, კოლხური მარადმწვანე ქვეტყით, ტყის ყომრალ ნადაგებზე (ზოგან კარსტული ლანდშაფტი) - 1000-1110 მეტრამდე, გ) საშუალო მთები წიფლის ტყითა და კოლხური ქვეტყით, ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე (ზოგან კარსტული ლანდშაფტი) - 1500-1600 მეტრამდე, დ) საშუალო მთები წიფლნარ-მუქწიწვოვანებით და კოლხური ქვეტყით, ტყის ყომრალ და ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე (ზოგან კარსტული ლანდშაფტი) - 1800-1900 მეტრამდე. ლანდშაფტის ამ ტიპის ყველაზე დაბალი ქვეზონის - ბორცვიან-სერებიანი მთისწინეთის ბუნებრივი ლანდშაფტი ძლიერ არის სახეშეცვლილი და გაბატონებული მდგომარეობა კულტურულ ლანდშაფტს უკავია.
8. ზომიერად ნოტიო აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ტიპის მთა-ტყის ლანდშაფტები გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიონის, თრიალეთის, ლიხისა და ლოქის ქედების კალთებზე, აგრეთვე შუა ხრამის მთათა ფერდობებზე, 2000-2200 მეტრის სიმაღლემდე. დამახასიათებელია კაინოზოური, მეზოზოური და პალეოზოური ქანებით აგებული, ძლიერ დანაოჭებული და დანაწევრებული, უმეტესად ეროზიული დაბალი და საშუალო სიმაღლის მთა-ხეობათა რელიეფი საფეხურებად განლაგებული მოსწორებული ზედაპირების ფრაგმენტებით; ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობა, დატენიანება - საკმაო და ზომიერად ჭარბი (წლიური დანესტიანების ხარისხი 1-2-მდე), მდინარეთა საშუალო ჩამონადენი - 15-60 ლ/წმ 1 კმ2-ზე, მეზოქსეროფილური ტყეები, წიფლნარ მუქწიწვოვანების ლოკალური გავრცელება და მარადმწვანე ქვეტყის უქონლობა (კოლხური ელემენტების იშვიათობა), შიბლიაკიანი მთისწინეთის ლანდშაფტის არსებობა. ლანდშაფტის ტიპს ქმნის სიმაღლებრივი ლანდშაფტური ზონალურობის სპექტრი: ა) ზომიერად ნოტიო ჰავიანი მთისწინეთის ტყის ყავისფერ ნიადაგებზე ჩამოყალიბებული ჯაგრცხილნარ-მუხნარისა და შიბლიაკის ლანდშაფტი (850-900 მეტრამდე), ბ) ზომიერად ნოტიო ჰავიანი დაბალმთიანეთის ტყის ყომრალ და და ყავისფერ ნიადაგებზე განვითარებული მუხნარი და მუხნარ-რცხილნარი (1000-1200 მეტრამდე), გ) ზომიერად ნოტიო ჰავიანი საშუალომთიანეთის ტყის ტიპურ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული წიფლნარი (2000-2200 მეტრამდე), დ) ზომიერად ნოტიო ჰავიანი დაბალ და საშუალომთიანეთის ტყის ყომრალ მიადაგებზე განვითარებული ფიჭვნარ-არყნარი (ძირითადად თუშეთსა და ხევსურეთში). ისე, როგორც კოლხური ტიპის ლანდშაფტში, აქაც მთისწინეთის ბუნებრივი ლანდშაფტი სახეშეცვლილია; დიდი ნაწილი ათვისებულია სასოფლო-სემეურნეო კულტურებისათვის.
9. მთის სტეპის ლანდშაფტები გვხვდება საქართველოს სამხრეთ მთიანეთში და ხასიათდება კანიონებით დანაწევრებული მაღალი ვულკანური პლატოებითა და ვაკეებით, ზომიერად ნოტიო სუბტროპიკებიდან წინა აზიის მშრალ სუბტროპიკებზე გარდამავალი ჰავით, 10OC-ზე მაღალ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 1500-დან 25000-მდე, ზომიერი დანესტიანებით (წლიური დანესტიანების ხრისხი 0.6-1), მდინარეთა მცირე საშუალო წლიური ჩამონადენით - 3-10 ლ.წმ კმ2, ვულკანური ლავების გამოფიტვის ქერქზე ჩამოყალიბებული გამოტუტული და კარბონატული მთის შავმიწებით და მდელოს შავმიწისებრი ნიადაგებით, რომლებზეც გავრცელებულია მაღალმთის სტეპები. დიდი ნაწილი სახნავ-სათესად არის ათვისებული.
10. მაღალმთის მთა-მდელოს ლანდშაფტები გავრცელებულია კავკასიონისა და მცირე კავკასიონის ყველაზე მაღალმთიან ადგილებში 1800-1900 მეტრიდან 3000-3500 მეტრამდე. მიუხედავად იმისა, რომ მთა-მდელოს ლანდშაფტები ატმოსფეროს თავისუფალი ცირკულაციის გავლენას ემორჩილება, მაინც შეიმჩნევა განსხვავება დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს მთა-მდელოს ლანდშაფტებს შორის. დასავლეთ საქართველოში მცენარეული საფარი მეზოფილური ხასიათისაა და ლანდშაფტური ზონის საზღვარი შედარებით ქვემოთ არის ჩამოწეული. აღმოსავლეთ საქართველოში კი მცენარეულობა უფრო ქსეროფილურია და ლანდშაფტური ზონის საზღვრები მაღლა იწევს. ამის მიზეზია ის, რომ აღმოსავლეთისაკენ კლიმატი თანდათან კონტინენტური ხდება, მაგრამ ლანდშაფტის ტიპში უფრო მკვეთრია განსხვავება სიმაღლებრივი დიაპაზონის მიხედვით, რის გამოც მთა-მდელოს ლანდშაფტი, რომელიც კარგად გამოხატული ტიპია (ზონაა), იყოფა 2 ქვეტიპად (ქვეზონად): ა) სუბალპური მთა-მდელოს ლანდშაფტი და ბ) ალპური მთა-მდელოს ლანდშაფტი.
ა) სუბალპური ლანდშაფტი ვრცელდება 1800-1900 (დასავლწთი საქართველო) - 2000-2200 მეტრიდან (აღმოსავლეთ საქართველო) 2400-2500 (დასავლეთ საქართველო) - 2600-2700 მეტრამდე (აღმოსავლეთ საქართველო). მისთვის დამახასიათებელია რელიეფის მაღალმთიური, უმეტესად დამრეცფერდობებიანი, ეროზიულ-დენუდაციური და ძველი გლაციალურ-ნივალური ფორმები; ნოტიო, ნამდვილ ზაფხულს მოკლებული ჰავა; 10OC-ზე მაღალ აქტიურ ტემპერატურათა ჯამი 500-10000-მდე, მთა-მდელოს კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე გავრცელებული სუბალპური ტანბრეცილი ტყე და მდელო-ბუჩქნარი. დასავლეთ საქართველოს სუბალპებისათვის ამის გარდა ნიშანდობლივია სუბალპური ლიხი. ბ) ალპური ლანდშაფტი იწყება 2400-2500 მეტრიდან და ვრცელდება 3300-3500 მეტრამდე (დასავლეთ საქართველოში უფრო დაბლა). დამახასიათებელია მაღალმთიური, ძლიერდანაწევრებული რელიეფი მყინვარული ფორმებით, შიშველი კლდეებითა და კლდეზვავებით, მთა-მდელოს ტორფიან ნიადაგებზე განვითარებული ალპური ბუჩქნარები, მდელოები და ხალები. სუბალპურ და ალპურ ლანდშაფტებში გამოიყოფა ლანდშაფტის სახეები (ვულკანური, კარსტული და სხვ.) მთა-მდელოს ლანდშაფტები გამოყენებულია სათიბ-საძოვრებად.
11. მაღალმთის გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტები, რომელიც აერთიანებს სუბნივალურსა და ნივალურ ქვეტიპებს, საქართველოში მხოლოდ კავკასიონის მთიანეთშია, საშუალოდ 3300-3500 მეტრს ზემოთ. ახასიათებს რელიეფის მკაცრი გლაციალურ-ნივალური ფორმები, ჭიუხები, შიშველი ციცაბო კლდეები, მყინვარები, დენუდაციური პროცესების ინტენსივობა, ცივი, მკაცრი ჰავა.
ლანდშაფტის ცალკე ტიპს (აზონალურს) წარმოადგენს საქართველოს მთავარი მდინარეების გასწვრივ ჩამოყალიბებული ჭალის ლანდშაფტი, რომელსაც აღმოსავლეთ საქართველოს ფარგლებში ტუგაის ლანდშაფტს ვუწოდებთ.
(ქსე.1991 წ.)დ. უკლება
 
   
 
   

რუკები:  პალეოგრაფიული, მიოცენი   /   ტექტონიკა   /   ტექტონიკა   /   თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები   /   სპელეოლოგიური   /   პალეოგრაფია, მყინვარები    /   გეოლოგიური ასაკი   /   ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება   /   ნიადაგები   /   კულტურები

გადასვლები:   ფარმაცია  / ბუნება და ბუნებრივი რესურსები ტექნოლოგიები  /  ეკოლოგია / მედიცინა /   ბიზნესის დაგეგმვა ,მართვა, საინფორმაციო თანხლება / ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო  პროექტები

ბმულები:

საიტი მოამზადა ვასილ შენგელიამ. 2008 წ. აგვისტო. ამ საიტის შემდგომი სრულყოფა გათვალისწინებულია სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში. საბაზო ტექტური მასალა აღებულია ქსე-დან, იგი 1991 წელსაა გამოცემული  და ტექსტებიც სპეციფიურია .სურათები  აღებულია  ინტერნეტში თავისუფალი გავრცელების საიტებიდან google- ნახატების საძიებო სისტემით. თუ შემთხვევით დაირღვა თქვენი საავტორო უფლებები, გთხოვთ გვაცნობოთ ელფოსტაზე mpi@gol.ge და შეცდომას გავასწორეთ.რუკების ნაწილი აღებულია 1964 წელს მოსკოვში გამოცემული "საქართველოს სსრ ატლასიდან". ჯერჯერობით მათი გაქართულება ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. სამუშაოები მიმდინარეობს .

ლიტერატურა: 1. ქსე 2. საქართველოს სსრ ატლასი.1964