საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები

 

              კავკასიონის მთიანეთი

 

კავკასიონის მთიანეთი მოიცავს მრავალ ქედს, ხეობასა და ქვაბულს. საქართველოს ფარგლებში გამოიყოფა მეორე თანრიგის ოროგრაფიული ერთეულები: ა) კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი. კავკასიონის თავისებურება სხვა მთიანეთებთან შედარებით ის არის, რომ მას მთელ სიგრძეზე გასდევს უწყვეტი წყალგამყოფი თხემი, რომელიც მაქსიმალურ სიმაღლეს (4300-5068 მ) სვანეთ-რაჭის ფარგლებში აღწევს (მთები შხარა, ბაბისმთა, ჭანჭახი და სხვ.). სვანეთის დასავლეთით მთავარი ქედის უმაღლესი მწვერვალია დომბაი-ულგენი (4064 მ), ხოლო რაჭის აღმოსავლეთით - მწვერვალი ხალაწა (3938 მ); ბ. კავკასიონის სამხრეთით გასწვრივი და განივი ქედები - გაგრის, ბზიფის, ჩხალთის, კოდორის, შდავლერის, ცალგამის, ულვარ-ზაგარის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმის, შოდის, კედელის, რაჭის, ჯავის, ხარულის, ალევის (ლომის-ალევის), მთიულეთის, გუდამაყრის, ქართლის, კახეთისა და სხვ. მათი უმაღლესი მწვერვალები 3000-4000 მ აღწევენ (სვანეთის ქედზე მწვერვალი ლაპილი 4010 მ); გ) კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით გასწვრივი და განივი ქედები - ხოხის, ყუროს, შავანის, კიდეგანის, ხევსურეთის, აწუნთის, პირიქითის ანუ თუშეთის. ხოხისა და პირიქითის ქედებზე ამართულია, შესაბამისად, აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალი მყინვარწვერი (5033 მ) და აღმოსავლეთ კავკასიონის უმაღლესი მწვერვალი ტებულოსმთა ანუ დაქუეხი (4493 მ); დ) კავკასიონის ორივე კალთის მდინარეები ღრმა, ციცაბოფერდობიან ხეობებში მიედინება, რომლებიც გარკვეულ მონაკვეთებში გრანდიოზულ კლდეკარებს ქმნიან (დარიალის კლდეკარი თერგზე; ენგურის, ბზიფის, რიონის, ხობისა და სხვა მდინარეთა ვიწრობები), ზოგან კი ფართოვდებიან და ქვაბულებს აჩენენ (ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, თრუსოს, თუშეთისა და სხვა.).

კავკასიონს პირობითად 3 ნაწილად ყოფენ: დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ კავკასიონად. ცენტრალური კავკასიონი იმიჯნება დასავლეთ კავკასიონისაგან ზემო ყუბანისა და ნენსკრის ხეობებით, ხოლო აღმოსავლეთ კავკასინისაგან ზემო თერგისა და არაგვის ხეობებით. ეს საზღვრები მთავარ წყალგამყოფ ქედს ჭვიბერ-ყარაჩაისა და ჯვრის უღელტეხილთან კვეთენ. ამრიგად, ცენტრალური კავკასიონი მთელი სიგრძით შემოდის საქართველოში, დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიონი კი ნაწილობრივ.(ქსე.1991 წ.)

   
 
   

რუკები:  პალეოგრაფიული, მიოცენი   /   ტექტონიკა   /   ტექტონიკა   /   თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები   /   სპელეოლოგიური   /   პალეოგრაფია, მყინვარები    /   გეოლოგიური ასაკი   /   ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება   /   ნიადაგები   /   კულტურები

გადასვლები:   ფარმაცია  / ბუნება და ბუნებრივი რესურსები ტექნოლოგიები  /  ეკოლოგია / მედიცინა /   ბიზნესის დაგეგმვა ,მართვა, საინფორმაციო თანხლება / ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო  პროექტები

ბმულები:

საიტი მოამზადა ვასილ შენგელიამ. 2008 წ. აგვისტო. ამ საიტის შემდგომი სრულყოფა გათვალისწინებულია სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში. საბაზო ტექტური მასალა აღებულია ქსე-დან, იგი 1991 წელსაა გამოცემული  და ტექსტებიც სპეციფიურია .სურათები  აღებულია  ინტერნეტში თავისუფალი გავრცელების საიტებიდან google- ნახატების საძიებო სისტემით. თუ შემთხვევით დაირღვა თქვენი საავტორო უფლებები, გთხოვთ გვაცნობოთ ელფოსტაზე mpi@gol.ge და შეცდომას გავასწორეთ.რუკების ნაწილი აღებულია 1964 წელს მოსკოვში გამოცემული "საქართველოს სსრ ატლასიდან". ჯერჯერობით მათი გაქართულება ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. სამუშაოები მიმდინარეობს .

ლიტერატურა: 1. ქსე 2. საქართველოს სსრ ატლასი.1964