საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები

 

ჰ ა ვ ა

საქართველოს შედარებით მცირე ტერიტორიაზე არის დედამიწის ზედაპირზე არსებული ჰავის თითქმის ყველა ზონა დაწყებული ნოტიო სუბტროპიკულიდან, დამთავრებული თოვლისა და მყინვარების ზონით.

ზოგადი დახასიათება. საქართველოს ჰავის ნაირგვაროვნებას განსაზღვრავს, ერთის მხრივ, მისი მდებარეობა სუბტროპიკული ზონის ჩრდილოეთ საზღვარზე შავსა და კასპიის ზღვებს შორის, მეორეს მხრივ, მისი რელიეფის განსაკუთრებული სირთულე: ჰავის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობენ სხვადასხვა მიმართულებისა და სიმაღლის ქედები. ადგილობრივ ჰავას ქმნის შავი ზღვა და კავკასიონი. უკანასკნელი საქართველოს იცავს ჩრდილოეთიდან ცივი ჰაერის მასების უშუალო შემოჭრისაგან, ხოლო შავი ზღვა აზომიერებს ტემპერატურის მერყეობას და ხელს უწყობა ნალექების დიდი რაოდენობით მოსვლას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში.

შედარებით დაბალ განედზე მდებარეობისა და ზომიერი ღრუბლიანობის გამო, საქართველო მზისგან მნიშვნელოვან სითბოს იღებს. მზის ნათების ხანგრძლივობა 1350-2520 საათია. მნიშვნელოვანია აგრთვე მზისგან მიღებული ჯამური რადიაცია - 115-153 კკალ/სმ2 წელიწადში. საკმაოდ ცვალებადობს რადიაციული ბალანსი, რომლის მაქსიმუმი (52-53 კკალ/სმ2) ნოტიო სუბტროპიკულ ბარშია, მინიმალური (25 კკალ/სმ2) - კავკასიონის მაღალმთიან ზონაში.

საქართველოს ჰავის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს როგორც ზომიერი, ისე სუბტროპიკულ სარტყელში განვითარებული ატმოსფერული პროცესები. ამ ზონებში ძირითადად ადგილი აქვს ზონალურ ცირკულაციას. ზოგჯერ მას არღვევს მერიდიანული ცირკულაცია, რომლის დროსაც ჩრდილო განედებიდან შემოიჭრება ხოლმე ცივი ჰაერის მასები, ხოლო სამხრეთიდან - თბილი. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა კავკასიონს და საქართველოს სამხრეთ მთიანეთს. ჰაერის მასები საქართველოში უმთავრესად დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან იჭრება. ხშირად ამინდის ცვლილებას სამხრეთიდან შემოსული თბილი ჰაერის მასებიც იწვევს. ჰავის ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერი განედების, არქტიკული და ტროპიკული როგორც ზღვის, ისე კონტინენტური ჰაერის მასებს. სინოპტიკური პროცესები, რომელთა მეშვეობითაც შემოდის ჰაერის მასები ამოერკავკასიის და კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე, დაჯგუფებულია შემდეგ ტიპებად: დასავლეთისა, აღმოსავლეთსა, ორმხრივა, ანტიკლონური მდგომარეობა და ამიერკავკასიის სამხრეთ რაიონებში განვითარებული ტალღური აღრევა. ამინდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს კონვექციური პროცესები, რომლებიც წლის თბილ პერიოდში უფრო მკვეთრად არის გამოხატული. ჰაერის ტემპერატურა ადგილის ჰავის თავისებურების მაჩვენებელი ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია. საქართველოში იგი დიდი კონტრასტებით გამოირჩევა (იხ. ცხრილი 1,3). ჰაერის საშუალო წლის ტემპერატურა ყველაზე მაღალია სოხუმში (ნავსადგური, 15OC), ხოლო დაბალი - კავკასიონის თხემზე (5000 მ) - 12,5OC. სსრკ-ში ყველაზე თბილი ზამთარი კოლხეთშია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 5-7OC-ია, ტემპერატურის ვერტიკალური გრადიენტი 0,2-0,9OC . ზამთარში ხშირია ინვერსიები. ზღვისპირა ადგილებში იგი ზაფხულშიც შეინიშნება.

ცირკულაციის, რადიაციისა და ოროგრაფიული ფაქტორების ერთობლივი მოქმედება განსაზღვრავს ტერიტორიული ტენიანობის საკმაოდ დიდ კონტრასტებს. საქართველოს დიდი ნაწილი ატმოსფერული ნალექების სიუხვით გამოირჩევა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 400-4500 მმ ფარგლებში იცვლება (იხ. ცხრილი 2,3). სსრკ-ის ნალექების პოლუსი ჩაქვის ქედის ზღვისაკენ მიქცეულ კალთაზეა - მტირალას მთის მიდამოებში (წელიწადში საშუალოდ 4500 მმ, ცალკეულ წლებში 5000 მმ-ზე მეტი). საქართველო გამოირჩევა დღე-ღამეში მოსული ნალექების სიუხვითაც (ჯურუყვეთი, 352 მმ). ნალექები მთებში სიმაღლის მიხედვით ყველგან არ მატულობს, პირიქით, ზოგან კიდეც მცირდება (სვანეთი, ჯავახეთის პლატო და სხვ.). მაქსიმალური ნალექების მოსვლის ზონები დასავლეთ საქართველოში 300-500-დან 3500-მდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 1200-იდან 3500 მ-მდე იცვლება.

რთული ოროგრაფიული პირობებისა და გაბატონებული ატმოსფერული ცირკულაციური პროცესების სირთულის გამო, ნალექების შიგაწლიური განაწილება თავისებურია: დასავლეთ საქართველოში ნალექების მაქსიმუმი ზამთარში ან შემოდგომაზეა, მინიმალური - გაზაფხულზე ან ზაფხულში. აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმუმი გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისშია, მინიმალური - ზამთარში(ქსე.1991 წ.)

   
 
   

რუკები:  პალეოგრაფიული, მიოცენი   /   ტექტონიკა   /   ტექტონიკა   /   თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები   /   სპელეოლოგიური   /   პალეოგრაფია, მყინვარები    /   გეოლოგიური ასაკი   /   ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება   /   ნიადაგები   /   კულტურები

გადასვლები:   ფარმაცია  / ბუნება და ბუნებრივი რესურსები ტექნოლოგიები  /  ეკოლოგია / მედიცინა /   ბიზნესის დაგეგმვა ,მართვა, საინფორმაციო თანხლება / ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო  პროექტები

ბმულები:

საიტი მოამზადა ვასილ შენგელიამ. 2008 წ. აგვისტო. ამ საიტის შემდგომი სრულყოფა გათვალისწინებულია სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში. საბაზო ტექტური მასალა აღებულია ქსე-დან, იგი 1991 წელსაა გამოცემული  და ტექსტებიც სპეციფიურია .სურათები  აღებულია  ინტერნეტში თავისუფალი გავრცელების საიტებიდან google- ნახატების საძიებო სისტემით. თუ შემთხვევით დაირღვა თქვენი საავტორო უფლებები, გთხოვთ გვაცნობოთ ელფოსტაზე mpi@gol.ge და შეცდომას გავასწორეთ.რუკების ნაწილი აღებულია 1964 წელს მოსკოვში გამოცემული "საქართველოს სსრ ატლასიდან". ჯერჯერობით მათი გაქართულება ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. სამუშაოები მიმდინარეობს .

ლიტერატურა: 1. ქსე 2. საქართველოს სსრ ატლასი.1964