საქართველოს ბუნება და ბუნებრივი რესურსები

 
           ჰ ა ვ ი ს  ო ლ ქ ე ბ ი  დ ა  რ ა ი ო ნ ე ბ ი. მზის რადიაციის რეჟიმით საქართველო სუბტროპიკულ ზონაშია. ატნოსფერულ ცირკულაციის ხასიათის და მასთან დაკავშირებული ამინდის პირობების მიხედვით მის ტერიტორიას ყოფენ 2 ცირკულაციურ ჰავის ოლქად და ერთ ქვეოლქად. ესენია: 1. ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქი, 2. სუბტროპიკული კონტინენტური ჰავიდან ზღვის ჰავაზე გარდამავალი ოლქი და ამ ოლქში შემავალი წინა აზიის მთიანეთის მშრალი სუბტროპიკული ჰავიდან ზომიერად ნოტიო ჰავაზე გარდამავალი ქვეოლქი. პირველი ოლქი მოიცავს დასავლეთ საქართველოს და ხასიათდება ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავის მკაფიოდ გამოხატული თვისებებით. დაბალი ნაწილი ძირითადად გამოირჩევა რბილი ზამთრით, შედარებით გრილი ზაფზულით, ტემპერატურის ზომიერი ამპლიტუდით, უხვი ნალექებით და მაღალი სინოტივით. მეორე ოლქი მოიცავს აღმოსავლეთ საქართველოს, ახასიათებს ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავა. აქ ზამთარი უფრო ცივია და ტემპერატურის ამპლიტუდა უფრო დიდია, ვიდრე პირველ ოლქში, მოდის შედარებით მცირე ნალექები და დაბალია სინოტივე. ამ ოლქის ქვეოლქი მოიცავს საქართველოს სამხრეთი მთიანეთის ცენტრალურ სტეპურ ნაწილს. აქ ჰავა უფრო კონტინენტურია, ზაფხული - ცხელი, ზამთარი - ცივი და ატმოსფერული ნალექები რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე იმავე სიმაღლეზე მდებარე საქართველოს სხვა ადგილებში. რელიეფის მნიშვნელოვანი დასერილობა ზოგად ცირკულაციას იმგვარად გარდაქმნის და მეტეოროლოგიური ელემენტების რიცხვითი სისიდეების ისეთ დიდ სხვადასხვაობას იწვევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე განსხვავებული კლიმატური რაიონები გამოიყოფა.
         დ ა ს ა ვ ლ ე თ ი კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავის ოლქშია. დაბალი განედისა და მზის სიმაღლის მეშვეობით იგი მთელი წლის განმავლობაში იღებს დიდი რაოდენობის მზის სხივურ ენერგიას. განიცდის შავი ზღვისა და დასავლეთიდან მონაბერი ნოტიო ქარების გავლენას. ჰავის მთავარი თავისებურებაა სიმაღლებრივი ზონალურობა. საშუალო წლიური ტემპერატურა ქვედა ნაწილებში 5-12OC, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე ზევით უარყოფითი ხდება. 700-800 მეტრის სიმაღლეზე იანვრის საშუალო ტემპერატურა 1-2OC, მაღალმთიან ზონაში -15OC უახლოვდება . ცალკეულ სუსხიან დღეებში აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -25 OC, -40 OC -მდე ეცემა. ივლის-აგვისტოს ტემპერატურა დასავლეთ კავკასიონზე 6-22 OC, აბსოლუტური მაქსიმუმი 20-42OC. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა იცვლება 1800-3500 მმ-ის ფარგლებში, გამონაკლისია ჩაკეტილი დაბალი ადგილები (სვანეთში, რაჭა-ლეჩხემში), სადაც ის 900-1200 მმ-ს შეადგენს. ქარპირა კალთები გაცილებით მეტ ნალექს იღებს, ვიდრე ქარზურგა. ღრუბლიანობა და სინოტივე მაღალია, დანესტიანების კოეფიციენტი 1,5-3,5 და მეტიცაა. თოვლი ყველგან მოდის, თოვლის საფარის სიმაღლე ზოგან 3-4 მ-ს აღწევს. რაიონის ქვემო ნაწილში გაბატონებულია სამხრეთ-დასავლეთის, ზედა ნაწილში - დასავლეთის ქარი. ხშირია მთა-ხეობათა ქარი, ელჭექი (20-45 დღე წელიწადში) და სეტყვა (2-7 დღე წელიწადში).
               ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი კ ა ვ კ ა ს ი ო ნ ი სუბტროპიკული კონტინენტური კლიმატიდან ზღვის კლიმატზე გარდამავალ ოლქშია. კარგად არის გამოხატული სიმაღლებრივი კლიმატური ზონალურობა. საშუალო წლიური ტემპერატურა ქვედა ნაწილში 8-10OC, 3500 მეტრის სიმაღლეზე -6 OC. ყველაზე ცივი თვეების (იანვარ-თებერვალი) ტემპერატურა -3, -15OC, აბსოლუტური მინიმუმი -26, -42OC; უთბილესი თვეების (ივლისი-აგვისტო) ტემპერატურა 2-18OC, მაქსიმუმი 16-40OC. ატმოსფერული ნალექები სიმაღლის შესაბამისად მატულობს და ტერიტორიულად800-1800 მმ-ს შორის იცვლება. ღრუბლიანობა ზომიერია (50-60%), საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 65-75%, დანესტიანების კოეფიციენტი 1,5-2,5. თოვლის საფარის სიმაღლე საშუალოდ 25-50 სმ-ია, ზედა ნაწილში 1,0-1,5 მ, მაქსიმალური 3 მ-ს სჭარბობს. საშუალოდ წელიწადში ელჭექიანია 20-50, ხოლო სეტყვიანი - 6-9 დღე. ქარები უმთავრესად ხეობების მიმართულებით ქრის, ზედა ნაწილში ჭარბობს დასავლეთის ქარი.
               კ ო ლ ხ ე თ ი ს ბ ა რ ი ბარი ხასიათდება ჭარბად ნოტიო სუბტროპიკული ჰავით. შავი ზღვის გავლენას ყველაზე მეტად ეს რაიონი განიცდის. ამიტომ აქ არ იცის ცივი ზამთარი. ზაფხულიც შედარებით გრილია. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ ამ მხარეში კავკასიონის გავლენით პირდაპირ ვერ შემოდის ჩრდილოეთის ცივი ჰაერის მასები. საშუალო წლიური თემპერატურა 13-15OC, იანვარში 2-7OC, ივლის-აგვისტოში 22-23OC, აბსოლუტურად მინიმალური ტემპერატურაა -9,-27OC, მაქსიმალური 40-43OC. სავეგეტაციო პერიოდში 10OC-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 4200-4500OC, რაც წლის განმავლობაში რამდენიმე მოსავლის მიღების შესაძლებლობას იძლევა. ზამთარში გაბატონებულია აღმოსავლეთის, ზაფხულში დასავლეთის ქარი, კარგად არის განვითარებული ბრიზები და ფიონები. წელიწადში 1400-3000 მმ ნალექი მოდის. ნალექიანია უმთავრესად ზამთარი და შემოდგომა. თოვლის მდგრადი საფარი იშვიათად ჩნდება. ზღვის სიახლოვისა და ხშირი დასავლეთის ქარების გავლენით მთელი წლის განმავლობაში დიდია ღრუბლიანობა და ტენიანობა. დანესტიანების კოეფიციენტი 4.0-ს სჭარბობს. შეფარდებითი სინოტივე 70-80%-ს შეადგენს. ელჭექი და სეტყვა მთელი წლის განმავლობაში იცის.
             ი მ ე რ ე თ ი ს მ ა ღ ლ ო ბ ზ ე, მართალია, ზღვის გავლენა სესუსტებულია, ჰავა შედარებით მშრალია, ზამთარი შესამჩნევად ცივი, ვიდრე კოლხეთის დაბლობზე, მაგრამ მაინც შენარჩუნებულია ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ნიშნები. საშუალო წლიური ტემპერატურა 5-13,5 OC, იანვრის ტემპერატურა დაბალ ნაწილში 0-3 OC, მაღალმთიან ნაწილში -5,-6 OC. მეტისმეტად ცივ დღეებში ტემპერატურა -20-31 OC-მდე ეცემა. უთბილესი თვის საშუალო ტემპერატურა 15-23 OC-ია, მაქსიმალური 30-40 OC. სავეგეტაციო პერიოდში 10 OC-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 2000-4100 O-ია.
ატმოსფერული ნალექები 900-1800 მმ-ის ფარგლებში მერყეობს, დიდია ღრუბლიანობა (60-65%). კარგად არის განვითარებული მთა-ხეობათა ქარები, კოლხეთის ბარის მსგავსად, ზამთარში გაბატონებულია აღმოსავლეთის, ზაფხულში - დასავლეთის ქარები. აღმოსავლეთის ქარი ფაიონური ხასიათისაა. ელჭექი და სეტყვა რაიონში უმთავრესად თბილ პერიოდს მოიცავს.
            შ ი დ ა  ქ ა რ თ ლ ი ს  ბ ა რ შ ი მშრალი სუბტროპიკული ჰავაა, რომელზეც გავლენას ახდენს მის გარშემო მდებარე მაღალი ქედები. წლის ცივ პერიოდში ხშირად ვითარდება ინვერსიები, ამიტომ ზამთარი უფრო ცივია, ვიდრე საქართველოს სხვა, იმავე სიმაღლეზე მდებარე ადგილებში. საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 9-11OC შორის; იანვრის ტემპერატურა -1, -4 OC, აგვისტოსი 20,4-22,3 OC. აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურა -26, -31 OC, მაქსიმალური 35-40 OC. სევეგეტაციო პერიოდში 10 OC-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3100-3900O. გაბატონებულია დასავლეთის და აღმოსავლეთის ქარები. პირველი, ჩვეულებრივ, გრილი და ნოტიოა, მეორე ზამთარში ნოტიო და ცივია, ზაფხულში - ცხელი. წელიწადში 500-800 მმ ნალექი მოდის. ხშირია გვალვები. წლის თბილ პერიოდში აორთქლება ბევრად სჭარბობს მოსული ნალექების რაოდენობას. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. თოვლის საბურველი დიდხანს არ დევს. ელჭექიანია 30-45, სეტყვიანი 1-2 დღე წელიწადში.
         ქ ვ ე მო ქ ა რ თ ლ ი ს ბ ა რ ი ღიაა აღმოსავლეთიდან, საიდანაც თავისუფლად იჭრება ჰაერის მასები, ხშირია მდინარე მტკვრის ხეობით დასავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასებიც. განსაკუთრებით მოქმედებს ამინდზე ამიერკავკასიის სამხრეთით განვითარებული ტალღური აღრევები, მათთან არის დაკავშირებული წლის თბილ პერიოდში უხვი ნალექები, ელჭექი და სეტყვა. დამახასიათებელია მშრალი სუბტროპიკული ჰავა. მზის ნათების ხანგრძლივობა მცირე ღრუბლიანობის გამო მაღალია (2500 საათი წელიწადში). ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12-13 OC, იანვარში 0, -2 OC, განსაკუთრებით ცხელია ივლისი და აგვისტო (23-25 OC, ზოგან მეტიც). აბსოლუტური მაქსიმალური ტემპერატურა -20, -25 OC, მაქსიმალური 40-41 OC. სავეგეტაციო პერიოდში 10 OC-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3700-4200O. ეს რაიონი გამოირჩევა ჰაერის წლიური ამპლიტუდით (24-25O), წელიწადში 400-600 მმ ნალექი მოდის. განსაკუთრებით მშრალი და გვალვიანია მისი სამხრეთი ნაწილი. აქ აორთქლებადობა ბევრად აღემატება მოსული ნალექების რაოდენობას. თოვლის საბურველი იშვიათად ჩნდება. ელჭექიანია საშუალოდ 35-50, სეტყვიანი 1-2 დღე წელიწადში.
          ი ვ რ ი ს ზ ე გ ა ნ ზ ე მშრალი კონტინენტური ჰავაა. ზამთარი ცივი, ზაფხული ცხელი და გვალვიანია. საშუალო წლიური ტემპერატურა 10-11 OC, იანვარში -1, -3 OC, ივლის-აგვისტოში 22-24 OC. აბსოლუტური მინიმალური -24, -32 OC, მაქსიმალური 40 OC. სავეგეტაციო პერიოდში 10 OC-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3200-3800O-ია. ნალექები 400-500 მმ წელიწადში. თივლის საბურველი იშვიათად ჩნდება. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე ნაკლებია. გაბატონებულია დასავლეთის ქარები. განსაკუთრებით ძლიერი ქარი იცის ზამთარში. ელჭექიანია 20-40, სეტყვიანი 1-3 დღე წელიწადში.
         შ ი გ ნი კ ა ხ ე თ ი ს ბ ა რ შ ი ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. იგი საკმაოდ კარგადაა დაცული დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. აქ მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იჭრება ჰაერის მასები თავისუფლად, რაც ამ რაიონის ჰავის თავისებურებაზე დადებითად მოქმედებს. საშუალო წლიური ტემპერატურა 11-13 OC, იანვრის 0, -1 OC, თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი წლები, როცა ტემპერატურა 0 OC-ზე დაბლა ეცემა. უთბილესი თვის ტემპერატურა 21-25 OC. აბსოლუტური მინიმალური -25, -27 OC, მაქსიმალური 40 OC-ს აღწევს. სევეგეტაციო პერიოდში 10 OC-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 3500-4200O. ტერიტორიის უმეტეს ნაწილში 800-1300 მმ ნალექი მოდის წელიწადში. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. მდგრადი თოვლის საბურველი ყოველთვის არ ჩნდება, როცა ჩნდება, მისი საშუალო სიმაღლე 5-15 სმ-ს არ აღემატება, მაქსიმალური 75 სმ-ს აღწევს. ელჭექიანია 30-60, სეტყვიანი - 2-3 დღე წელიწადში. ეს რაიონი საქართველოს სხვა რაიონებისაგან გამირჩევა არა მარტო სეტყვიან დღეთა სიხშირით, არამედ სეტყვის მარცვალთა სიდიდით და მიყენებული ზარალით.

        ს ა გ უ რ ა მ ო-გ ო მ ბ ო რ ი ს ს ა შ უ ა ლ მ თ ი ა ნ ე თ ი გამოირჩევა ზომიერად ნოტიო ჰავით, ცივი ზამთრით და ხანგრძლივი გრილი ზაფხულით. იანვრის საშუალო ტემპერატურა -2, -6 OC, ივლისისა 15-20 OC; სავეგეტაციო პერიოდში 10 OC-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500-2600O-ია, სიმაღლის შესაბამისად ნალექები, მართალია, მატულობს, მაგრამ უმნიშვნელოდ. მთისწინეთში 800-850 მმ ნალექი მოდის, თხემურ ზოლში 1000 მმ-ს უახლოვდება. მიუხედავად ამისა, ჰაერი წყლის ორთქლით საკმაოდ გაჟღენთილია, საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 75-80%-ია, დანესტიანების კოეფიციენტი 1,5-2. ხშირია ნისლი, წლის თბილ პერიოდში - ელჭექი და სეტყვა. კარგად არის გამოხატული მთა-ხეობათა ქარი.
        მ თ ი ა ნ ი ა ჭ ა რ ა-გ უ რ ი ა მიმართულია დასავლეთით და შავი ზღვის გავლენას განიცდის, ხასიათდება ტენიანი ჰავით. თერმული რეჟიმი განსაკუთრებით მაღალია დაბალ ნაწილში. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა იცვლება 2-12 OC-ს შორის. იანვრის საშუალო ტემპერატურა (1100 მ სიმაღლემდე) 0 OC, თხემურ ზოლში -8,-10 OC-მდე ეცემა. ყველაზე თბილი თვეა აგვისტო (10-25 OC). ცივ დღეებში ტემპერატურა -15,-35 OC-მდე ეცემა, ცხელ დღეებში 45 OC-მდე ადის. სავეგეტაციო პერიოდში 10 OC-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1500-3000O-ია. ზღვისაკენ მიქცეულ კალთებზე მთელი წლის განმავლობაში გაბატონებულია დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, რომელთაც მოაქვთ დიდი რაოდენობის ტენი. ეს რაიონი უხვი ნალექებით გამოირჩევა არა მარტო საქარველოში, არამედ საბჭოთა კავშირშიც (საშუალოდ 2600-2800 მმ წელიწადში). საკმაოდ მშრალია მდინარე აჭარისწყლის ხეობის შუა ნაწილი, რომელიც დასავლეთიდან დაცულია მაღალი ქედებით. თოვლი შეიძლება მოვიდეს ნოემბრიდან. მდგრადი თოვლის საბურველი 1400 მ სიმაღლემდე 1-3 თვეს ძევს, 2000 მ სიმაღლეზე - 6-7 თვეს. თოვლის საბურველის სიმაღლე 4-5 მეტრია. დანესტიანების კოეფიციენტი 3,5. საუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 70-80%-ია. ელჭექი იცის წლის ყველა სეზონში. უფრო ხშირია წლის თბილ პერიოდში. წელიწადში 24-25 დღეა ელჭექიანი. სეტყვა მხოლოდ ზაფხულში იცის.
        თ რ ი ა ლ ე თ ი. მართალია, მესხეთის ქედი ასუსტებს დასავლეთიდან ჰაერის მასების შემოჭრას, მაგრამ მათი გავლენა გარკვევით ემჩნევა ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოებს. აქ შედარებით მეტი ნალექი მოდის, 800-1200 მმ. ჰავა ნოტიოა. თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთებზე კი აღმოსავლეთიდან შემოჭრილი ჰაერის მასები ტოვებს შესამჩნევ კვალს, აქაც საკმაო ნალექი მოდის. რაც შეეხება ამ ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებს, აქ ჰაერის გასწვრივი ნაკადები იქმნება, ნალექი მცირე მოდის. ჰავა კონტინენტურია. დანესტიანების კოეფიციენტი 1-ზე მეტია. საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 70-77%-ია. შედარებით თბილი ზამთარი იცის ბორჯომის ხეობაში (მაღალმთიან ნაწილში ცივა). იანვრის საშუალო ტემპერატურა -2, -11 OC-ია, აბსოლუტური მინიმალური შეიძლება დაეცეს -40 OC-მდე. ყველაზე თბილი თვის ტემპერატურაა 9-20 OC, მაქსიმალური 37 OC-ს აღწევს. სავეგეტაციო პერიოდში 10 OC-ზე მეტ ტემპერატრათა ჯამი 500-2900O-ია. რაიონი გამოირჩევა ზომიერი ღრუბლიანობით, ულტრაიისფერი სხივების სიუხვით, მზის ნათების ხანგრძლივობით (2200-2400 საათი წელიწადში) და თოვლის საფარველის სიმაღლით. კლიმატური პირობები და რელიეფის ფორმები ხელს უწყობენ სპორტულ ღონისძიებათა ჩატარებას.
       ჯ ა ვ ა ხ ე თ ი ს მ თ ი ა ნ ე თ შ ი ჰავა კონტინენტურია, ზამთარი მეტად ცივია. იანვრის საშუალო ტემპერატურა -7, -15 OC-ია, ცალკეულ დღეებში -41 OC-მდე ეცემა. ყინვიანი დღეების სიხშირე, მცირე ღრუბლიანობა და განსაკუთრებით მშრალი ზამთარი დაკავშირებულია ამ რიონისათვის დამახასიათებელი ანტიციკლონების სიხშირესთან. ზაფხული გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13-16OC-ია) და ნალექიანია (ზამთარში 80-100 მმ, ზაფხულში 200-250 მმ-ია). საერთოდ, აქ წლის განმავლობაში გაცილებით ნაკლები ნალექი მოდის (500-700 მმ), ვიდრე ამავე სიმაღლეზე მდებარე სხვა ადგილებში. ზამთარი თითქმის ყოველთვის თოვლიანია. თოვლის საბურველი (საშუალოდ 15-20 სმ სიმაღლისა) ჩნდება დეკემბერში და მარტამდე ძლებს. სავეგეტაციო პერიოდში 10OC-ზე მეტ ტემპერატურათა ჯამი 1000-1800O-ია. დანესტიანების კოეფიციენტი 1-2-ია. საშუალო წლიური შეფარდებითი სინოტივე 68-75%-ია. რაიონში ხშირია ელჭექი (საშუალოდ 30-56 დღე) და სეტყვა (3-10 დღე, მაქსიმალური 10 დღე).
(ქსე.1991 წ.)
 

   
 
   

რუკები:  პალეოგრაფიული, მიოცენი   /   ტექტონიკა   /   ტექტონიკა   /   თანამედროვე გეომორფოლოგიური პროცესები   /   სპელეოლოგიური   /   პალეოგრაფია, მყინვარები    /   გეოლოგიური ასაკი   /   ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება   /   ნიადაგები   /   კულტურები

გადასვლები:   ფარმაცია  / ბუნება და ბუნებრივი რესურსები ტექნოლოგიები  /  ეკოლოგია / მედიცინა /   ბიზნესის დაგეგმვა ,მართვა, საინფორმაციო თანხლება / ქართული უნივერსიტეტის საინფორმაციო  პროექტები

ბმულები:

საიტი მოამზადა ვასილ შენგელიამ. 2008 წ. აგვისტო. ამ საიტის შემდგომი სრულყოფა გათვალისწინებულია სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში. საბაზო ტექტური მასალა აღებულია ქსე-დან, იგი 1991 წელსაა გამოცემული  და ტექსტებიც სპეციფიურია .სურათები  აღებულია  ინტერნეტში თავისუფალი გავრცელების საიტებიდან google- ნახატების საძიებო სისტემით. თუ შემთხვევით დაირღვა თქვენი საავტორო უფლებები, გთხოვთ გვაცნობოთ ელფოსტაზე mpi@gol.ge და შეცდომას გავასწორეთ.რუკების ნაწილი აღებულია 1964 წელს მოსკოვში გამოცემული "საქართველოს სსრ ატლასიდან". ჯერჯერობით მათი გაქართულება ვერ მოვახერხეთ, რისთვისაც გიხდით ბოდიშს. სამუშაოები მიმდინარეობს .

ლიტერატურა: 1. ქსე 2. საქართველოს სსრ ატლასი.1964